დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე მშობლებს მიმართავს და ამბობს, რომ წინასაახალწლო პერიოდში მათ შვილებს პიროტექნიკა არ მიუტანონ.
როგორც მან აღნიშნა, პიროტექნიკით დაშავებულთა შემთხვევები ქვეყანაში უკვე დაფიქსირდა.
“რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. მთელი დღესასწაული წინ გვაქვს. ეს არ არის ის, რომ მხოლოდ 31-ში და 1-ში გრძელდება ხოლმე. ახალ წლამდე ყოველთვის გულდასაწყვეტია ისეთი ტრავმის მკურნალობა, რომლის თავიდან აცილებაც თავისუფლად შეიძლებოდა. ამ პერიოდში ნებისმიერი ქირურგიული განყოფილება განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. ასევე არც თუ ისე იშვიათია თვალის დაზიანებები, თითების ამპუტაცია და ა.შ.”, – აღნიშნა ქაშიბაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში პიროტექნიკის გაყიდვა უნდა აიკრძალოს.
“ჩემი რჩევა იქნება, რომ საერთოდ აიკრძალოს, ახლა კანონმდებლობით არასრულწლოვნებზე არის აკრძალული პიროტექნიკის გაყიდვა, თუმცა ბავშვებისთვის მაინც ხელმისაწვდომია. რამდენად სრულდება ეს კანონი, ვერ გეტყვით.
მინდა მშობლები კიდევ ერთხელ გავაფრთხილო, რომ ეს არ არის სათამაშო და საჩუქარი. ნუ მიუტანენ ბავშვებს წინასაახალწლო პერიოდში. რაც არ უნდა იაფი იყოს და ერთი შეხედვით უსაფრთხოდ გამოიყურებოდეს, არასწორად გამოყენების შემთხვევაში საკმაოდ სერიოზული ტრავმის მიღება შეიძლება. გამოიყენონ უსაფრთხოდ გოზინაყი და ჩურჩხელა, ახალი წელი მაშხალების გარეშეც მოვა”, – განაცხადა ქაშიბაძემ მეტრონომთან საუბარში.