პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მიერ წარმოებული საქმე სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ვენდეტაა, რომლის სათავეშიც ბიძინა ივანიშვილი დგას.
მისივე თქმით, საქართველოში ეს რუსული მენტალობა მალე დასრულდება და ივანიშვილს პენსიაზე გაუშვებენ.
„უნდათ, რომ პროცენტი და ყველა უბედურება ხაზარაძესთან დააკავშირონ, არ გამოუვათ, არ ვცემ ამას პასუხს, კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არის სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ვენდეტა, რომლის სათავეშიც დგას ბიძინა ივანიშვილი. კიდევ ერთხელ ვეუბნები მას, რომ ეს რუსულ მენტალური „პაპანაწიამ“ ამ საქართველოში უნდა დასრულდეს. ჩვენ დაგასრულებთ, გაგიშვებთ პენსიაზე. ნამდვილი თავისუფლების მოყვარული ხალხი დაიწყებს ქვეყნის შენებას“, – აცხადებს ხაზარაძე.
მეტი ინფორმაციისთვის შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.