ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„დროა“ ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„დროა“ ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პარტია განათლების სფეროს სპეციალისტებსა და სამინისტროს მიმართავს, სახელმძღვანელოს შესახებ დისკუსია პოლიტიკური სივრციდან გამოვიდეს და აკადემიური, პროფესიული წრეების განხილვის საგანი გახდეს.

“ბოლო პერიოდში მედიისა და ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების საკითხი. თანამედროვე ისტორიის თხრობის ობიექტურობამ დარგის ექსპერტების, საზოგადოების წარმომადგენლების თუ პოლიტიკოსების არაერთგვაროვანი მოსაზრებები და შეფასება გამოიწვია.

არსებული სისტემის მაღალი პოლიტიზირების ხარისხიდან გამომდინარე, საკითხის აქტუალობა, საზოგადოების დაბალი ნდობა და უარყოფითი მოლოდინები ხელისუფლების, კერძოდ კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ ბუნებრივია. თუმცა, მიგვაჩნია, რომ სახელმძღვანელოს შესახებ დისკუსია უნდა გამოვიდეს პოლიტიკური სივრციდან და აკადემიური და პროფესიული წრეების განხილვის საგანი გახდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად საკითხის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესისა, სამინისტრომ არ გამოხატა კონსტრუქციული დისკუსიის წამოწყების უნარი და სურვილი. პირიქით, სამინისტროს მაღალჩინოსნების განცხადებების სარკასტული ტონი კიდევ ერთხელ მიუთითებდა ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების აზრის უგულებელყოფაზე.

სამწუხაროდ, ეს არ არის პარტიული ინტერესების გასატარებლად განათლების სფეროში დასაქმებულ პირებზე ზეგავლენის და საგანამანთლებლო პროცესებში ჩარევის პირველი შემთხვევა. პოლიტიკური წნეხის ქვეშ ხვდებიან სასკოლო სახელმძღვანელოების შემდგენი ავტორები, გამომცემლობები, მასწავლებლები, დირექტორები და თავად სამინისტროს თანამშრომლები.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღვანელობის უმოქმედობის ფონზე, მოძრაობა „დროა“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია, როგორც კონკრეტული სახელმძღვანელოების, ასევე ზოგადად სასკოლო განათლების შესახებ დაიწყოს კონსტრუქციული და აკადემიური მსჯელობა აკადემიური წრეების წარმომადგენლების, ისტორიკოსების, განათლების ექსპერტების, მასწავლებლების, სახელმძღვანელოების ავტორების, გამომცემლობებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.

სასკოლო განათლება მომავალი სამოქალაქო საზოგადოების საფუძველია. სკოლის პერიოდში მიღებული ცოდნა და ღირებულებები ქვეყნის განვითარებას განსაზღვრავს. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებაში არსებული უნდობლობა განათლების სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ გამოწვეულია უფრო ღრმა, სისტემური პრობლემებით, რომლებიც სცდება კონკრეტული სახელმძღვანელოს თემას. ვთვლით, რომ აუცილებელია, მსჯელობის საგანი გახდეს ასევე ზოგადად სასკოლო განათლება, მათ შორის, სახელმძღვანელოების შედგენის პრინციპები და სტანდარტები, სასწავლო პროცესი, სკოლების ავტონომიურობის ხარისხი და სხვა“,- აღნიშნულია „დროას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....