არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ქართულ ოცნებაში“ საარჩევნო სიების ფორმირებასთან დაკავშირებით შიდა განხეთქილებები უკვე დაიწყო. რამდენიმე დეპუტატმა ყურადღება “რესპუბლიკურ პარტიაზე” გაამახვილა და მასზე შეტევა უკვე დაიწყო. ვარაუდები მათი კოალიციიდან გასვლის თაობაზე აქტიურად განიხილება. ზოგიერთი “ქართული ოცნების” დეპუტატი მათ ძალების ცალკე მოსინჯვას და არჩევნებზე ცალკე ასპარეზობას ურჩევს.
ოცნების დეპუტატმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა ირიბად განაცხადა, რომ კოალიციაში შემავალმა ამბიციების მქონე პარტიებმა ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი არ უნდა გამოიყენონ.
„ოცნების“ დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი ამბობს, რომ “რესპუბლიკელებს” თავიანთ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ და რეიტინგულ პარტიას ის არჩევნებზე ცალკე კენჭის ყრას ურჩევს.
თავად “რესპუბლიკელების” წევრის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ის კოალიციას მისი პარტიის გარეშე ვერ ხედავს და ვინც არ უნდა შეიკრიბოს, მას კოალიციას მაინც არავინ დაარქმევს. სოსო ჯაჭვლიანს კი ასე ეხმაურება:
„შემიძლია, ჩემი ნათარგმნი წიგნები დავაწყო და ამ ძალის კაცსაც კი, ყველა წიგნის ერთად აწევა გაუჭირდება. უკაცრავად, მაგრამ კოალიციას „რესპუბლიკური პარტიის“ გარეშე ვერ ვხედავ. „რესპუბლიკელების“ გარეშე ვინც არ უნდა შეიკრიბოს, მას კოალიციას არავინ არ დაარქმევს. ყოველ შემთხვევაში ყველას ეცოდინება, რომ დასავლეთის მიმართულებით რაღაც პრობლემები გვაქვს“ – განაცხადა ბერძენიშვილმა.
ამავე პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ უფრო ფორმალიზებული და დახვეწილი ურთიერთობებია საჭირო. ასევე იმის გამოკვეთა, რომელ სუბიექტს რა უფლებამოსილება აქვს და ძალაუფლების რა წილს ფლობს.
“ქართული ოცნების” დეპუტატის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, კოალიცია ჯერჯერობით ერთიანია და ვარიაციები ამასთან დაკავშირებით, ზოგიერთი პოლიტიკოსისგან ირიბად ნათქვამის შემდეგი ინტერპრეტაციებია.
„ჯერჯერობით, ამის სიმპტომი არ არსებობს, რომ მათ კენჭი ცალკე უნდა იყარონ. კოალიცია ამ ეტაპისთვის ერთიანია. თუმცა, პოლიტიკაში გამორიცხული არაფერი არ არის. წინ კიდევ რამდენიმე თვეა და უფრო გაირკვევა ბოლო ხანებში და ამ ეტაპისთვის, კოალიცია მთლიანია, მასში შემავალი სუბიექტები ერთიანები არიან. ჯერჯერობით იმის თქმა, რომ ვინმე უნდა გავიდეს, თუ რამე გულში თვითონ არ აქვთ, ასეთი რამ არ ჩანს და არ არის. ეს არის ზოგიერთი პოლიტიკოსისგან ირიბად ნათქვამის შემდეგი ინტერპრეტაციები“ – განაცხადა “მეტრონომთან” ქანთარიამ.
ასე თუ ისე, რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო ბევრს საუბრობენ “ქართული ოცნების” ახალ სიაზე, მის გაცხრილვაზე, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიების, საერთოდ, კოალიციაში ყოფნის მიზანშეწონილებაზე და ზოგადად, ახალი კოალიციისა თუ პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ფიგურების გაცხრილვაზე. რა თქმა უნდა, ეს მინიშნებაა იმაზეც, რომ დღეს, მმართველი პარტიის რიგებში ინტელექტუალური რესურსების არც თუ ისე დიდი დოზაა წარმოდგენილი და მომავალში, თუკი “ქართულ ოცნებას” არჩევნებში გამარჯვება უწერია, მოუწევს იფიქროს პოლიტიკური რესურსების ტრანსფორმირებაზე.
ნინო ცხადაია