ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გაზპრომთან” მომლაპარაკებელი მინისტრი თითს ოპოზიციისკენ იშვერს

 

გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი განცხადებით, გაზპრომთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს ტრანზიტის საფასურზე. ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე საუბარია ფულად ანაზღაურებაზე. როგორც ენერგეტიკის მინისტრის განმარტავს, ქართული მხარე თანახმაა ფულად ანაზღაურებაზე

ხომ არ არის საუბარი გაზსადენის გასხვისებაზე და რუსეთისთვის მიყიდვაზე – კახა კალაძე აცხადებს, რომ ამ საკითხების განხილვა არ მიმდინარეობდა რუსულ მხარესთან.

„დღეს არის საუბარი იმაზე, რომ დღეს ჩვენ ვიღებთ გატარებული მოცულობის 10 პროცენტ ბუნებრივ აირს, და გადავიდეთ ფინანსურ ანაზღაურებაზე, და დამატებით, დეფიციტის შევსება, რომელიც დღეს აქვს ბაზარს, ამის შევსება მოვახერხოთ წამოღებული დამატებითი მოცულობით. აქ საუბარია დაახლოებით 300-400 მილიონ კუბურ მეტრ გაზზე. ის რომ დღეს რუსეთი ოკუპანტია, და ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, ზუსტად იმ ადამიანების დიდი დამსახურებაა, ვინც ყველაზე მეტს ყვირის და არასწორ ინფორმაციებს ავრცელებს ამ კონკრეტულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ფაქტს პარლამენტის უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ზურაბ ტყემალაძეც ეხმაურება.

„რაც შეეხება სოკარს, რამდენის მოწოდებაც კი შეუძლია, ტექნიკურად რამდენის გამოტარებაც შეუძლია, ბუნებრივია იმას იღებს საქართველო. დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, რომ საიდანღაც უნდა შეივსოს. ირანის პროდუქციაც რომ წამოვიდეს, გაზპრომის მილებმა უნდა გამოატაროს. დაახლოებით 20 პროცენტამდეა დეფიციტი, დეფიციტი შეიქმნება ელექტროენერგიაში, თუ არ მიიღო თბოელექტროსადგურებმა გაზი.“ – აცხადებს ტყემალაძე.

საკითხზე განმარტება გააკეთა უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა გიორგი ვოლსკიმ.

გაზპრომთან მოცულობა სტანდარტულია, რაც არის დეფიციტი, იმას ღებულობენ გაზპრომიდან. თუ ამას აზერბაიჯანი გარკვეულწილად დააბალანსებს, ამ თემაზეა ხვალინდელი მოლაპარაკებები და რა კონკურენტული ფასი იქნება დადებული ან ერთი ან მეორე მხრიდან. ხვალ სოკარის წარმომადგენელი ჩამოვა, იქნება დეტალებზე საუბარი.“ – ამბობს ვოლსკი.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა.

„საქართველო დგება ვითარებაში როდესაც კარგავს აზერბაიჯანს სტრატეგიულ პარტნიორს და პოზიციები სუსტდება საერთაშორისო არენაზე. ამ გარემოებებიდან,
მივმართავთ კალაძეს მოვიდეს პარლამენტში და გაგვცეს პასუხები კითხვებზე.

გაზპრომის ყველაზე დიდი წილი კერძო მფლობელებიდან ბიძინა ივანიშვილს აქვს. ეს გარემოება ბევრ კითხვას აჩენს, რომ მოლაპარაკებებში კალაძე ივანიშვილს წარმოადგენს. უნდა გასაჯაროვდეს მოლაპარაკებების შინაარსი.” – აცხადებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური.

 

იტვირთბა....