ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

DRI: აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი მიწებისა და ქონების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვას გეგმავს

ორგანიზაცია “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” ინფორმაციით, აფხაზეთში ღიად დაიწყო საუბარი ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის თაობაზე, რაც გულისხმობს როგორც ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ობიექტების, ისე უძრავი ქონების გასხვისებას რუსულ ბიზნესზე და რუსეთის მოქალაქეებზე.

“უძრავი ქონების დიდი ნაწილი აფხაზეთში უპატრონოდაა მიტოვებული. 250 000-ზე მეტი ეთნიკური ქართველის პირადი ქონება მიწის და შენობა-ნაგებობების სახით რუსეთის ბევრი მოქალაქისთვის შეიძლება საინტერესო იყოს. თუმცა, გაცილებით მეტი ფასი რუსეთისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწას და საბჭოთა პერიოდის ტურისტულ ინფრასტრუქტურას ექნება. ჩვენი აზრით, სწორედ ამ მიმართულებით შეიძლება პრივატიზაციის პირველი ტალღა დავინახოთ, რითაც, პირველ რიგში, რუსული ბიზნესი და რუსეთის ფედერაციაში მოქმედი ეკონომიკური აქტორები იხეირებენ. ეს პროცესი კიდევ უფრო გააღრმავებს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ანექსიას.”- ვკითხულობთ DRI-ს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ამ პერსპექტივას აფხაზეთში, განსაკუთრებით კი ე.წ. მთავრობის ოპონენტები არ ეთანხმებიან:

“ამ პერსპექტივას აფხაზეთში ენთუზიაზმით არ შეხვედრიან. ამჟამინდელი დე-ფაქტო მთავრობის ოპოზიციაში მყოფი ძალები ღიად საუბრობენ, რომ ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია აფხაზეთიდან დევნილ ეთნიკურ ქართველებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, აფხაზეთში საკუთრების შეძენის შესაძლებლობას მისცემთ. ამ ნახევრად ოფიციალური არგუმენტის გარდა, აფხაზეთში შიშობენ, რომ რუსების დიდი მასის მიერ აფხაზეთში საკუთრების შეძენა, უკიდურეს უმცირესობაში მოაქცევს ადგილობრივ ეთნიკურ აფხაზებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, აფხაზეთის მოქმედმა დე-ფაქტო მთავრობამ ინდივიდუალური წესით ქონების გასხვისება დაიწყოს. უფრო სავარაუდოა, მან მსხვილი საკუთრება გადასცეს რუსულ ბიზნესს თუ სახელმწიფოს.” აცხადებენ ორგანიზაციაში.

იტვირთბა....