ქართველი ქალბატონები საზღვარგარეთ ემიგრაციაში ოჯახების სარჩენად მიდიან. საქართველოში არსებული ეკონომიკური ფონი სხვა გამოსავალს ხშირად არ ტოვებს. ემიგრანტები მიტოვებულ შვილებს და შვილიშვილებს მონატრებას ფინანსურად უნაზღაურებენ. ოჯახის გადარჩენის ინსტიქტი ქართველ დედას უმოქმედოდ ყოფნის საშუალებას არ აძლევს. საზღვარგარეთ სხვისი შვილების თუ მშობლების მოვლა უწევთ და ამით საკუთარ ოჯახებს უზრუნველყოფენ.
„მეტრონომი“ წარმოგიდგენთ ემიგრანტების ისტორიებს, მათ ამბებს, ვისაც საზღვარგარეთიდან უწევს ოჯახებზე ზრუნვა:
ის ქართველი ემიგრანტია. 50 წლამდე ქალბატონი. სახელი და გვარის დაკონკრეტება არ სურს. პირობითად, ქალბატონი მარინა.
ათი წლის წინ წავიდა ესპანეთში. ოჯახის გადასარჩენად. აქ არაფერი გამოდიოდა. დიდი შვილები ჰყავდა უკვე, მაგრამ ოჯახს მისი დახმარება კიდევ სჭირდებოდა.
„უცხო ქვეყანაში, უცხო ქალაქში ცხოვრება და მუშაობა იმაზე რთულია, ვიდრე შორიდან ჩანს. მაგრამ შვილებს უნდა დავხმარებოდი, – გვიყვება ქალბატონი მარინა, „ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ოჯახში მოვხვდი, ორივე მარმარილოს ბიზნესში იყო ჩართული და ერთი წლის შვილისთვის მომვლელი სჭირდებოდათ. იმის მერე ათი წელი გავიდა. უკვე მათ ორ ბავშვს ვუვლი“- ამბობს ქალბატონი მარინა.
ესპანელმა ბავშვებმა ქართველი მომვლელი განსაკუთრებით შეიყვარეს. „მშობლებს ფაქტობრივად ვერ ხედავენ, ორ წელიწადში ერთხელ კი, როცა საქართველოში ერთი თვით ჩამოსვლას ვახერხებ, თითქმის ყოველ დღე მირეკავენ“- აღნიშნავს ემიგრატი ქალბატონი.
როცა მარინა თბილისში მოდის ხოლმე, (2 წელიწადში ერთხელ) ცოლ-ქმარი ბავშვებისთვის ახალ ადგილობრივ მოსამსახურეს იყვანს, მაგრამ ბავშვები მას ვერ ეგუებიან და მშობლებიც იძულებული ხდებიან, ამ ერთი თვის განმავლობაში, რამდენჯერმე შეცვალონ დროებითი აღმზრდელი.
“მერე, ამ ერთი თვის განმავლობაში ბავშვები ესპანეთიდან მირეკავენ ხოლმე თბილისში, დღეში რამდენჯერმე და მთხოვენ, რაც შეიძლება მალე დავბრუნდე. მე ისინიც მიყვარს… ჩემი აღზრდილები არიან და რაღაცნაირად შევეჩვიე…ალბათ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს, როგორც საქმეს, ისე არ ვუდგები, ბავშვებს, როგორც შვილიშვილებს, ისე ვუვლი“. – გვიყვება ქალბატონი მარინა.
ესპანეთში ყოფნისას ირინას თბილისში შეეძინა სამი შვილიშვილი. პატარები ბებოს სკაიპიდან ყოველ დღე ეკონტაქტებიან. „რა თქმა უნდა, რთულია, როცა შვილიშვილებს ვერ ზრდი და სხვის შვილებს უვლი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ასე შვილიშვილებს უფრო ვეხმარები.” – სევდიანად ასრულებს თხრობას ქართველი ემიგრანტი.
მანა ნოდია