ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილის ადვოკატი: გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იყო გადარჩენის მცდელობა, რომ სახე შეენარჩუნებინათ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა ხელისუფლების მხრიდან ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო.

მისივე თქმით, ეს იყო გადარჩენის მცდელობა მმართველი გუნდის მხრიდან, რათა საერთაშორისო იმიჯი ბოლომდე არ გაენადგურებინათ.

“გორის ჰოსპიტალში გადაყვანა ცხადია, საბოლოო ჯამში იყო ერთადერთი და უფრო კეთილგონიერი ნაბიჯი, ვიდრე ყველა სხვა ვერსია, რომელიც ხელისუფლებამ გააჟღერა. ეს იყო გადარჩენის მცდელობა, შეენარჩუნებინათ სახე და არ დაეკარგათ აბსოლუტურად საერთაშორისო იმიჯი.

თავად პრეზიდენტიც ამბობდა და მეც ამ აზრზე ვარ, რომ შიმშილობაც, გორის ჰოსპიტალში გადაყვანაც, ეს არის მხოლოდ პატარ-პატარა საშუალებები მთავარი მიზნის მისაღწევად, რომელიც გახლავთ საქართველოს დემოკრატიულ და ცივილიზებულ სამყაროსთან დაახლოების გზაზე დაყენება. ამ რელსებზე ქვეყნის გადასასვლელად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, მათ შორის სამართლებრივი კუთხით ადვოკატები. უახლოეს მომავალში შევეცდებით, რომ მაქსიმალურად იმ სასამართლო პროცესებზე, რომელიც გაიმართება, იქნება ეს შიდა სასამართლოები თუ საერთაშორისო ტრიბუნალები, ყველას დავანახოთ იმ ბრალდებების აბსურდულობა და წმინდა პოლიტიკური შინაარსი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილს უყენებენ”, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გუშინ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

იტვირთბა....