ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

100 დღე კვირიკაშვილისთვის. “კალაძე ასრულებს დავალებას, რომელიც მიღებული აქვს”.

ექსკლუზიური ინტერვიუ საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი ისევ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა. ირაკლი ალასანიას ყოფილმა გუნდის წევრმა აღნიშნული გადაწყვეტილება ახალი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მოსვლიდან მალევე მიიღო. ზალკალიანის ამ გადაწყვეტილებაზე, „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებსა და ახალ მინისტრთა კაბინეტზე „მეტრონომი“ საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრსა და დავით ზალკალიანის ყოფილ უფროსს მაია ფანჯიკიძეს ესაუბრა.

„მეტრონომი“: როგორ აფასებთ დავით ზალკალიანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბრუნების საკითხს, თქვენი პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მას „ფეისბუქით“ მიულოცა ახალი თანამდებობა და გარკვეული „დავალებებიც“ მისცა. რამდენად სწორი იყო მისი საჯაროდ გაკეთებული ეს განცხადება?

მაია ფანჯიკიძე: პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ დავით ზალკალიანმა გასული წლის თებერვალში ფაქტობრივად, დატოვა ჩვენი პარტია, როდესაც გახდა „ლევან მიქელაძის ფონდის“ დირექტორი. ზაფხულში, უკვე იურიდიულად გააფორმა პარტიიდან და გამგეობიდან გასვლა. შესაბამისად, მისი ეს გადაწყვეტილება არის მისი პირადი გადაწყვეტილება და ამას არავითარი კავშირი არ აქვს „თავისუფალ დემოკრატებთან“. ეს არის ერთი ადამიანის გადაწყვეტილება. ის, რომ ჩვენ მას წარმატებები ვუსურვეთ და ასე გამოვეხმაურეთ მის დანიშვნას, როგორც ჩანს საზოგადოებას გაუკვირდა იმიტომ, რომ ყველა მიჩვეულია, პოლიტიკოსები სხვა ბანაკში გადასულ თანამებრძოლს მხოლოდ უხეშად როცა მოიხსენიებენ. ჩვენ ყველას გვაქვს იმის იმედი, რომ ეს ქვეყანა წინ წავა და სწორედ ეს არის მიზეზი რატომ მივეცით 100 დღე კვირიკაშვილს, სანამ დავუწყებთ საჯარო კრიტიკას. ჩვენ გვინდა ვაცალოთ და ვნახოთ, რის გაკეთებას შეძლებს, რა ტენდენციები გამოიკვეთება და მხოლოდ ამის შემდეგ ვიყოთ კრიტიკულები.

რაც შეეხება კურსის ცვლილებაზე გაკეთებულ განცხადებას, ჩვენ ვთქვით, რომ გვაშფოთებდა ტენდენციები საქართველოში, რომელიც მიუთითებდა ევროპული გზიდან გადახვევის საფრთხეზე და აქვე მინდა ვთქვა, რომ ევროპული გზა ჩემთვის არ არის მხოლოდ ევროკავშირთან, ან ნატოსთან რომელიმე სამოქმედო გეგმის მთლიანი, ან ნაწილობრივი შესრულება. ჩემთვის ევროპული გზა არის ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა დაფუძნებული ევროპული ღირებულებებზე. ეს არის ისეთი სახელმწიფო, სადაც არის ინსტიტუციების პატივისცემა, დემოკრატიის განვითარება, თავისუფალი სასამართლო და ა.შ.

ერთი წლის თავზე შემიძლია ვთქვა, რომ ამ მიმართულებით პროგრესი კი არა, პირიქით უარესი მდგომარეობა გვაქვს. ვფიქრობ, საქართველოში ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა შეფერხებულია, ამიტომ ძალიან მიკვირს, რომ ბატონ ზალკალიანს მიაჩნია, რომ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება და ნატოს პაკეტის ნაწილობრივი შესრულება არის საკმარისი ინდიკაცია იმისთვის, რომ ევროპული ქვეყნის მშენებლობა საფრთხის ქვეშ არ დადგა.

– თქვენი გუნდი ყოველთვის გამოხატავდა სიმპათიას გიორგი კვირიკაშვილის მიმართ. როგორ ფიქრობთ, რა უპირატესობა აქვს ღარიბაშვილს კვირიკაშვილთან შედარებით და შეძლებს ის „ქართული ოცნების“ რეიტინგის მომატებას, არსებობს მოსაზრება, რომ ღარიბაშვილის კვირიკაშვილით ჩანაცვლება NDI-ის კვლევების ირიბი აღიარებაა.

– თქვენ შეგიძლიათ ჩემი განცხადებებიც გაიხსენოთ კვირიკაშვილთან დაკავშირებით. მეც ყოველთვის ძალიან კარგად მოვიხსენიებდი მას. ის კარგი კოლეგა იყო და მე მას პატივს ვცემ. ამითაა განპირობებული ისიც, რომ ჩვენ მის მთავრობას 100 დღე მივეცით.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ მოხსნა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი, აქ კვლევები საჭირო არ არის იმისთვის, რომ დავინახოთ ქვეყანა რა საშინელ მდგომარეობაშია.  მოსახლეობას ძალიან უჭირს, ეკონომიკა  აბსოლუტურად დანგრეულია, ლარის დევალვაცია კი საშინელი პრობლემაა. ქვეყანაში არსებული ვითარება არის კატასტროფული და შესაბამისად ღარიბაშვილს აბსოლუტურად არ ჰქონდა შანსი 2016 წლის არჩევნებში შედარებით ნორმალური შედეგი ეჩვენებეინა. თუმცა, ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს შანსი მაინც არ აქვს, რადგანაც პრინციპში არაფერი არ იცვება. ისევ არის არაფორმალური მმართველობა, ძალიან სუსტი პარლამენტი, რომელიც მთავრობაზე ზედამხედველობას ვერ ახორციელებს. ეს არის ის, რასაც „ქართული ოცნება“ დატოვებს 2016 წლის არჩევნებზე“.

– მინისტრთა კაბინეტზეც მინდა გკითხოთ, კვირკაშვილმა ცვლილებები დააანონსა, თქვენი აზრით, რომელი მინისტრი უნდა შეიცვალოს?

– მთავარი არის არა ცალკეული მინისტრების ცვლილება, არამედ მთავარია სისტემის ცვლილება – მართვის სისტემის ცვლილება. თუ ეს მართვის სისტემა არ შეიცვალა რაც არ უნდა გენიოსი მინისტრები მოვიდნენ, არაფერი არ ეშველება მაინც ამ მთავრობას. არანაირი ნიშანი იმისა, რომ მართვის სტილი იცვლება, მე ჯერ არ დამინახავს და 100 დღის შემდეგაც თუ ვერ დავინახავთ, მაშინ ჩვენი კრიტიკა იქნება ძალიან მკვეთრი“.

– საქართველოში „გაზპრომის“ შემოსვლის საკითხს როგორ აფასებთ, კალაძე გარკვეულწილად „ექსკლუზიური“ წარმოამდგენელია საქართველოდან „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებში და რაც მთავარია მილერთან განხილული საკითხებს სამინისტრო როგორც წესი არ ასაჯაროებს.

– პირველი და მთავრი პრობლემა არის ის, რომ ეს ყველაფერი არის როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ გასაიდუმლოებული. როგორც ახლა გავიგეთ, დეკემბრის ბოლოს კალაძეს ჰქონია ციურიხში შეხვედრები და ამ შეხვედრის შესახებ არაფერი ვიცოდით და როგორც ჩანს, არც უნდა გვცოდნოდა.

– თქვენი პარტია პარლამენტშია წარმოდგენილი, მას შეუძლია დაიბაროს კალაძე და გარკვეული ახსნა-განმარტებები მოსთხოვოს „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებზე…

– რასაკვირველია შეუძლია  და პარლამენტი ამას აუცილებლად გააკეთებს. ჩვენი ფრაქცია ამას აუცილებლად მოითხოვს. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ამის შესახებ მხოლოდ ახლა გავიგეთ.

– ბევრი  „გაზპრომთან“ წარმოებულ მოლაპარაკებები უკან კალაძის ბიზნესს ინტერესებს ხედავს. თქვენც ასე ფიქრობთ, თუ მიიჩნევთ, რომ ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნებაა?

– ვერ გეტყვით, ნამდვილად ვერ დავაბრალებ ვერანაირ პირად ინტერესებს კახი კალაძეს. მე მგონია, რომ ეს არის რაღაცა უფრო სხვა ამბავი, სხვა თამაში, გათვლა და კალაძე როგორც ენერგეტიკის მინისტრი ასრულებს იმ დავალებას, რომელიც მიღებული აქვს.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....