ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

იძულებითი წესით გამოსახლების გაუქმებამ მდგომარეობა უფრო გააუარესა

„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტის, ანანო ცინცაბაძის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც პირებს საცხოვრებელი ფართიდან იძულებით, საპოლიციო წესით, ვეღარ გამოასახლებენ, დადებითი შედეგი არ მოუტანია, უფრო მეტიც, ამ ცვლილებამ გარკვეული პირების მდგომარეობა  გააუარესა.

როგორც ცინცაბაძე “მეტრონომთან” საუბრისას ამბობს, თუ სხვისი ქონების უკანონოდ დაუფლების ფაქტი არსებობს, ასეთ შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილება საპოლიციო გამოსახლების წესს კვლავ ტოვებს.

„თუ ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რაც სხვისი ქონების უკანონო დაუფლებას ითვალისწინებს, ამ შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილება საპოლიციო გამოსახლებას კვლავ ძალაში ტოვებს და მას  სისხლის სამართლის წესით აღძრულ გამოძიებას უკავშირებს.  შესაბამისად, თუ უსახლკარო პირი უკანონოდ არის შეჭრილი რომელიმე სახელმწიფო ობიექტში და იქ ცხოვრობს, ვინაიდან არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ადგილი და მას არ შესთავაზეს ალტერნატიული ფართი, სახლემწიფო, რომელიც იმ წუთას ამ ობიექტის მესაკუთრედ გვევლინება, შეუძლია პოლიციას მიმართოს. პოლიცია სისხლის სამართლებრივ ძებნას დაიწყებს, აღძრავს საქმეს, გამოასახლებს ამ პირებს და შესაბამისად, თუ ეს პირი უკვე სასამართლოს გზით დამნაშვედ იქნა ცნობილი, მას შეიძლება შესაბამისი სისხლის სამართლის წესით შესაბამისი სანქცია მიესაჯოს“ – აღნიშნა ცინცაბაძემ.

ის ასევე ამბობს, რომ ახალი საკანონდებლო ცვლილების მიხედვით, სასამართლოში მიმართვის შემთხვევაში, პირს შეუძლია დავის დასრულებამდე წინასწარი გამოსახლების წესი გამოიყენოს.

როგორც „მეტრონომთან“ საუბრისას ცინცაბაძე აღნიშნავს, ერთი მხრივ, ეს საკანონმდებლო ცვლილება აუარესებს იმ სოციალურად დაუცველი პირების მდგომარეობას, რომლებიც ამა თუ იმ სახელმწიფო ობიექტში უკანონოდ არიან შეჭრილები, ვინაიდან მათ გამოსახლებას პირდაპირ უკავშირებენ სისხლის სამართლებლივ წესს და მეორე მხრივ, არაფრით აუმჯობესებს ე.წ. იპოთეკით დაზარალებული პირების მდგომარეობას.

„ფაქტობრივად, მათი გამოსახლება სულ რაღაც მაქსიმუმ 1 თვის ვადით გადაიდო და ისიც შეიძლება არ იყოს გამოყენებული, თუ სასამართლო წინასწარი გამოსახლების წესს დააკმაყოფილებს.

ასე, რომ  ამ საკანონმდებლო ცვლილებას  იპოთეკით დაზარალალებულებისთვის სიტუაცია არ შეუმსუბუქებია. უკანონოდ შეჭრილი სოციალურად დაუცველი პირების მდგომარეობა კი  მკვეთრად გააუარესა“ – აღნიშნა ცინცაბაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა საპოლიციო წესით გამოსახლების გაუქმებასთან დაკავშირებით კანონთა პაკეტს ხელი გუშინ მოაწერა.

კანონი, რომელიც სასამართლოს გვერდის ავლით, მხოლოდ პოლიციის მეშვეობით, ადამიანებს ქუჩაში აძევებდა, საბოლოოდ გაუქმებულია. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბანკების მოთხოვნა ვეტოს გამოყენების თაობაზე არ გაითვალისწინა. შესაბამისად, კანონი უკვე ძალაში შევიდა.

იტვირთბა....