ახალი ამბები ინტერვიუ კულტურა მთავარი საზოგადოება

“საზოგადოებამ ცოტა უნდა გამოიბერტყოს ყური”

მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ 8 იანვარს სტატუსი გამოაქვეყნა, რომლის შემდეგაც ჩვენ გადავწყვიტეთ დავკავშირებოდით მას.

“წელი ისევ ტყუილებით დაიწყო… გაუმარჯოს + ფონოგრამებიან კონცერტს ერთ-ერთი საკონცერტო დარბაზიდან!!! “გაუმარჯოს” ხალხის მოტყუებას, თვალში და ყურში ნაცრის შეყრას… „გაუმარჯოს“ ხალხის გამაიმუნებას, მათ სულში ჩაფურთხებას. ქართველი „ირგებს“ თავზე ლაფის დასხმას!!! მეტის ღირსები ვართ!!! რო-დემ-დე? როდემდე უზნეობა, უმოქმედობა და ურეაქციობა?!“ _ წერდა სოციალურ ქსელში ქართველი მომღერალი თამარ ჭოხონელიძე.

„მეტრონომი“ დაუკავშირდა მომღერალს და ფეისბუქ სატატუსის შესახებ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

თამრიკო ჭოხონელიძე: ეს ყოველივე მხოლოდ კულტურის სფეროში არ ხდება. ხალხი ზოგადად მიეჩვია ძალიან ბევრ შეურაცხყოფაზე ნაკლები რეაგირების გამოხატვას. წინა მთავრობის დროს, როცა მეტის მოთმინების უფლება ვეღარ  მისცეს საკუთარ თავს ხალხმა, გამოვიდნენ ქუჩაში და ბოლო მოუღეს იმას, რისი მიღებაც მათთვის უკვე აღარ შეიძლებოდა.  შედეგად რა მიიღეს, ეს უკვე სხვა თემაა და ვიმედოვნებ, რომ ხალხის იმედები გამართლდება.

რატომღაც ძალიან გაფერმკრთალებულია კულტურის სფერო. თუ გინდა ერი გაანადგურო, უნდა გაუნადგურო კულტურა. სწორედ ეს მაღლევებს ყველაზე მეტად, რომ ასეთი ურეაქციობაა ამ სფეროში. ხალხი მიეჩვია თავზე ლაფის დასხმას, ყურში და თვალში ნაცრის შეყრას,  ამდენ ტყუილს და ამაზე ურეაქციობას. ეს არის ყველაზე საგანგაშო, თორემ ვიღაც რაღაცას რომ კადრულობს, მათი პრობლემაა. ხალხის პრობლემა ზოგადად არის ის, რომ მათ გასაძევებლადაც ისე არ იკრიბება, როგორც ადრინდელი წყობის წინააღდეგ გაერთიანდა.

კატეგორიულად ხაზგასმით აღვნიშნავ: როცა სოლო ან გალა კონცერტია, პლუს ფონოგრამა არ უნდა იყოს გამოყენებული. ამაზე აქამდე ამბობდნენ, რომ აპარატურა არ გვივარგა, სატელევიზიო პირდაპირ ეთერში ხმას კარგად ვერ გადავცემთო. ახლა, ამას ვეღარ იტყვიან, რადგან უკვე არის იმის საშუალება, რომ კარგად გახმოვანდეს ტელევიზიებში. ამის ნათელი მაგალითი იყო, იმ კონცერტთან პარალელურად, რომელსაც მე არ ვაკონკრეტებ და ალბათ მიხვდა ხალხი რომელი ვიგულისხმე, ორი კონცერტი მიდოდა საზოგადოებრივ არხზეც და რუსთავი ორზეც და ორივე კონცერტი ცოცხალი შესრულებით იყო.  ეს იმას ნიშნავს, რომ აპარატურის პრობლემა უკვე აღარ დგას. ნუ იგონებენ, რომ პლუს ფონოგრამას იმიტომ იყენებენ, ხარისხი რომ მიიღონ. ცოცხლად იმღერონ და გახმოვანება ძალიან კარგად არის შესაძლებელი.

სოლო კონცერტზეა საუბარი. როცა აცხადებ ამხელა პრეტენზიას, იწვევ ხალხს, ძალიან ძვირად აფასებ ბილეთს, ეუბნები, რომ მე თქვენ გაგიმართავთ კონცერტს და თქვენთვის დავიხარჯები, ამხელა ტყუილს როგორ იტანს დარბაზი, როცა სინამდვილეში მხოლოდ საყურებლად მოჰყავს ხალხი. ძალიან დიდი უზნეობაა სოლო კონცერტის გამოცხადება და ამაზე პლუს ფონოგრამის დადება.

ყველაზე მეტად ის მადარდებს, რომ წლებია ამაზე ვყვირი, ეს ყველამ იცის, ფაქტობრივად ხალხს შეკრებისკენ მოვუწოდებ, თუმცა მე თვითონ არ ვარ ბუნებით ლიდერი. უბრალოდ ყოველთვის ამოვატივტივებ მთავარ პრობლემას, რომელზეც უკვე დაგვცინიან. ძალიან ხშირად ვაკეთებ ამაზე განცხადებას და შეძლებისდაგვარად ვაფხიზლებ ხალხს, რომ ეს ხდება. ალბათ ისევ ახალგაზრდებმა უნდა ითავონ საზოგადოების შეკრება და თუ საჭირო გახდა, ქუჩაში გამოსვლაც, ამ უზნეობის წინააღმდეგ.

მეტრონომი: ოპონენტებს ალბათ ექნებათ პასუხი, რომ  განვიარებულ ქვეყნებში, დიდ სცენებზეც იყენებენ პლუს ფონოგრამას.

– 80 ლარი არ ღირს სამაგიეროდ ბილეთი და იმას ყოფნის სინდისი, რომ აფიშაზე გამოაცხადოს, რომ ტელე ვერსიისთვის პლუს ფონოგრამას იყენებენ. რაც არ უნდა საქველმოქმედო და დასახმარებლად საჭირო თანხად ახსენო ბილეთზე 80 ლარი, ნამუსმა არ უნდა გაგაკეთებინოს, რომ ამ დროს პლუს ფონოგრამა გამოიყენო.

როცა ურეაქციობაზე ვსაუბრობ, რატომ არ ასახელებთ? ხომ არ ჯობია პირდაპირ იდენტიფიციება?

– ეს არის ერთგვარი გამოწვევა და გარკვეული ინტრიგაც საზოგადოებისთვის: აბა მიხვდებით თუ არა, რომელი იყო პლუს ფონოგრამაზე?  მინდა ერთი ამბავი მოგიყვეთ, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს მოხდა: ერთ-ერთი ქართველი მომღერლის კონცერტს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აცხადებდა რეკლამაში , რომ სოლო კონცერტს მართავდა, 9 უცხოელი (სხვადასხვა ქვეყნიდან)  3 ქართველ მასპინძელთან ერთად დაესწრო, რომლებიც საქმიანობის გამო საქართველოში დროებით იყვნენ დაფუძნებულნი. მასპინძლებიდან ერთ-ერთი ქალბატონი ყვებოდა მერე, მე ვერ ვხდებოდი პლუს ფონოგრამა რა იყო და როდის იყენებდნენო,  9 სტუმარი წამოგვიდგა დარბაზიდან და წავიდნენო.  როგორც მასპინძლები გავყევით და ვკითხეთ გასვლის მიზეზი, რაზეც გვიპასუხეს, ნუთუ ვერ ხვდებით რატომ, ჩვენი უფლებები შეილახა, ვერ მიხვდით, რომ სცენიდან გატყუებდნენო? ერთ-ერთს უთქვამს, ჩემი შვილი ადვოკატია და ეს რომ ჩვენ ქვეყანაში მომხდარიყო, აუცილებლად მოითხოვდა მორალური ზიანის ანაზღაურებასო. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, უცხოეთშიც ხდება პლუს ფონოგრამის გამოყენება, თუმცა იქ ამ დროს ბილეთი კატასტროფულად მაღალი ფასი არ ღირს და განცხადებაც ვრცელდება, რომ ტელევერსიის გამო იყენებენ ამას.

რატომ არ დაასახელებთ ამ კონცერტს?

– არავითარ შემთხვევაში არ დავასახელებ, უბრალოდ ისევ მათ ნამუსზე იყოს. ერთი და იგივე ხდება წლების მანძილზე და მე არ მინახავს ამ კონცერტების მომწყობების მიერ ორგანიზებული ერთი ცოცხალი კონცერტი. ყველა კონცერტი პლუსზე აქვთ და ნუთუ ასე დაკნინდა ჩვენი საშემსრულებლო დონე? სხვათაშორის, ამ კონცერტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვინც არის, სწორედ ის იყო ამ პლუს ფონოგრამის დამნერგავი საქართველოში…

რატომ არ ასახელებთ, ქალბატონო ამრიკო? მათთვის, ვინც არ იციან ზუსტად, გაუგებარია ვის და რას გულისხმობთ.

– მე ჯერჯერობით არ ვიტყვი ამას! ზუსტად ამ კონცერტის ორგანიზატრმა  დანერგა თავის დროზე ეს უზნეობა 90-იანი წლების ბოლოს. ის ერთ-ერთი პირველი იყო,  ჩემი განგაშის მერე, ვინც გამოვიდა და ტელევიიზით ამბობდა, რა ხდება, რა უბედურებაა ეს პლუს ფონოგრამებიო… დღეს ეს ადამიანი იგივე გზას ადგას. დანარჩენებიც იგივეს აკეთებენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია თუ საზოგადოება როგორ აიმაღლებს ხმას. უკან არ დავიხევ და ყოველთვის ვიტყვი ამას. უბრალოდ საზოგადოებამ ცოტა უნდა გამოიბერტყოს ყური და თავმოყვარეობის შელახვას მიაქცოს ყურადღება.

მანა ნოდია

 

 

იტვირთბა....