„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის გიგლა ბარამიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ საარჩევნო სიის ფორმირების საკითხზე დაპირისპირებაა.
როგორც გიგლა ბარამიძემ გაზეთ „კვირის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა, „ქართული ოცნების“ წევრები ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან მისასვლელ გზებს ეძებენ, თუმცა ივანიშვილი მათ არ იღებს.
“ლამის ტყვიამფრქვევებით დაიწყონ ბრძოლა, სიების დაკომპლექტების გამო, ძალიან სერიოზული დაპირისპირებაა შიგნით, “ქართული ოცნების” უმრავლესობა პანიკაშია, ნაწილი ითხოვს თანამდებობებს, ვინც ვეღარ მოხვდება სიაში, ნაწილი კი ბიძინა ივანიშვილთან მისასვლელ გზებს ეძებს, რამენაირად დაუმტკიცოს, რომ კვლავ აღმოჩნდნენ სიაში, მაგრამ ივანიშვილი მათ არ იღებს. ერთმანეთს ემეგობრებიან და თან ინფორმაციას ერთმანეთს უმალავენ, ნაწილმა იცის, ვინ მოხვდება სიაში და ვინ -არა, ივანიშვილთან რიგები დგას, როგორც გითხარით, ის არ იღებს უმრავლესობის წევრებს და არის ერთი ამბავი”, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
ამავე გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ახალი სახეების ძიებით არის დაკავებული, ძველ სახეებს კი მის გუნდში დარჩენას და სხვადასხვა პოსტზე გადანაწილებას სთავაზობს.
მისი თქმით, საარჩევნო სია ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.
„სია არ არის ჩამოყალიბებული, ერთგვარი მოთელვის პროცესია, ვიცი ჩემი რამდენიმე კოლეგა მოხვდა „ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის თვალსაწიერში, ვიცი, რომ 30 წლის ზევით კანდიდატებს არჩევენ, ვისაც შესაბამისი გამოცდილება აქვს. როგორც ვხედავ, „ქართული ოცნების” სიაში არ იქნებიან სახეები, ესენი იქნებიან ის ადამიანები, რომელთაც გარკვეულ წრეებში იცნობენ იმ ბიოგრაფიით და იმ მიღწევებით, რაც აქვთ საკუთარ სფეროებში.
ისეთი შემთხვევითი ფიგურები, რომლებიც ამა თუ იმ სფეროში წარმატებას მიაღწიეს და რბილად რომ ვთქვათ, კანონშემოქმედებითი საქმიანობით არ გამოირჩევიან, აღარ იქნებიან „ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში. ყოველ შემთხვევაში პარტიის აღმასრულებელი მდივნისთვის ასეთი დავალებაა მიცემული.
რასაკვირველია, დაახლოებით ვიცი, ვინ არ იქნება სიაში, მაგრამ არ მინდა გაზეთის ფურცლებზე მათი გვარები მე დავასახელო, ხშირად საყვედურობენ „ქართულ ოცნებას”, რომ ივანიშვილმა სპორტსმენებით გადაჭედა სია. საქმე სპორტში კი არ არის, საქმე ის გახლავთ, რამდენად შეუძლია გაწიოს ადამიანმა კანონშემოქმედებითი საქმიანობა. ამ თვალსაზრისით, შეიძლება სპორტსმენიც იყოს „ოცნების” სიაში და კულტურის სფეროს წარმომადგენელიც, მაგრამ უმრავლესობა იქნება ეკონომიკური, იურიდიული და სამეურნეო სფეროს წარმომადგენელი, რომელთაც აქვთ გამოცდილება, სერიოზული ცოდნა და შეუძლიათ, კანონშემოქმედებითი მუშაობა.
ძალიან სერიოზულად აკვირდება მტერიც და მოყვარეც „ქართული ოცნების” სიის შემადგენლობას და თუ ვნახეთ, სია არ იქნება იმ პრინციპით შედგენილი, რაც თვითონ გამოაცხადეს, მაშინ სერიოზული კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვევა ეს ყველაფერი.
რაც შეეხება ძველ დეპუტატებს, მათ შესთავაზებენ სხვადასხვა მდგომარეობას აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც ამის მიღმა დარჩებიან, ასეთი კატეგორია ცოტაა. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, ვინ როგორ იმუშავა ამ წლების განმავლობაში”, – ამბობს მამუკა არეშიძე.