პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანან კობახიძე “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.
“საარჩევნო სიაში ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში, კანონშემოქმედებით საქმიანობაში ძალიან აქტიურად ჩაერთვებიან. რა თქმა უნდა, ახალი სახეებიც საჭიროა. ნამდვილად მოხდება სიის გადახალისება, მაგრამ პირდაპირ გამიჯვნა, თუ რომელი პროფესიის ადამიანები უნდა იყვნენ, ეს მთლად სწორი მიდგომა არ არის. ბუნებრივია, ბევრი ეკონომისტი, ბევრი ფინანსისტი, ბევრი იურისტი, კანონშემოქმედებაში ჩართული ადამიანი იქნება სახარბიელო, მისაღები და კარგი, მაგრამ ნუ გავავლებთ ზღვარს და მიჯნას, ვინ უნდა იყოს და ვინ – არა, რადგან ყველა პროფესიას თანაბრად ვცემ პატივს. ვფიქრობ, რომ ყველა პროცესიის ადამიანს აქვს უფლება, საკანონმებლელო ორგანოში იყოს ხალხის წარმომადგენელი,” – ამბობს მანანა კობახიძე.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ დეპუტატობის კანდიდატი პროფესიის მიხედვით არ უნდა შეფასდეს. “საარჩევნო სიის თემასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს და სხვებსააც ვურჩევ, ნუ გააკეთებენ ნაჩქარევ განცხადებებს. დეპუტატობის კანდიდატი პროფესიის მიხედვით არ ფასდება, კანდიდატი ინტელექტუალური მონაცემებით ფასდება. აქცენტის გაკეთება, რომ სპორტსმენებთან და მსახიობებთან რაღაც დაპირისპირების ატმოსფერო შეიქმნას, ეს პოლიტიკურად სწორი არ არის. აუცილებელია საკანონმდებლო ორგანოში კანონშემოქმედებითი პირები იყვნენ, თუმცა ეს არ ნიშნავს განსხვავებას პროფესიების მიხედვით. წინასწარი განცხადებების გაკეთება, თუ რომელი პროფესიის ადამიანები იქნებიან მეტი თუ ნაკლები, ვფიქრობ, რომ საჭირო არ არის”, – ამბობს გია ვოლსკი.
შეგახსენებთ, კობახიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ საარჩევნო სიაში ნაკლები სპორტსმენები და მსახიობები იქნებიან. “არის გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, საკადრო კუთხითაც. სწორედ ამიტომ ჩვენთვის მთავარ გამოწვევას მომავალ პარლამენტში დეპუტატების მნიშვნელოვნად გადახალისება წარმოადგენს. ვადასტურებთ, რომ არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ. აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება”, – ამბობს კობახიძე.