ექვს თვიანი დევნის შემდეგ, მექსიკელი ნარკობარონი ხოაკინ გუზმანი, მეტსახელად ელ ჩაპო, დააკავეს. ის იმავე მკაცრი რეჟიმის, ალტიპლანოს ციხეში დააბრუნეს, საიდანაც ივლისში მიწისქვეშა გვირაბის გამოყენებით გაიქცა.
გუზმანი პარასკევს, მის მშობლიურ შტატ სინალოაში აიყვანეს, რომელსაც ნარკობარონი კარტელის მეშვეობით აკონტროლებდა. გამთენიისას, პირველი რეიდის დროს, მან გაქცევა შეძლო, თუმცა მოგვიანებით საზღვაო ფლოტმა, ორმხრივი სროლის შედეგად, შეიპყრო და იმ ციხეში დააბრუნა, საიდანაც გაიქცა.
სროლისას ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი სამხედრო.
მექსიკის მთავარი პროკურორის ცნობით, გუზმანის კვალზე მას შემდეგ გავიდნენ, რაც ეს უკანასკნელი მსახიობებს და პროდიუსერებს დაეკონტაქტა იმ იმედით, რომ მის ცხოვრებაზე ფილმს გადაიღებდნენ.
ივლისის გაქცევა ელ ჩაპოსთვის მეორე იყო – 1993 წელს ის გვატემალაში დააკავეს და 2001 წელს პუენტე გრანდეს ციხიდან გაიპარა – სავარაუდოდ, სარეცხი კალათის მეშვეობით და მოქრთამული თანამშრომლების დახმარებით.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლივუდში ელ ჩაპოსა და მის ორ გაქცევაზე ბიოგრაფიული ფილმის გადაღება იგეგმება.
Forbes-ის ცნობით, გუზმანის ქონება დაახლოებით სამ მილიარდ დოლარს შეადგენს.