ახალი ამბები ბლოგები კულტურა მთავარი

ყოფის აუტანელი ფალსიფიკაცია, ანუ ქოლესტერინი თანამედროვე ხელოვნებაში

თეზი გაბუნია უკვე ბევრისთვის ცნობილი სახელია, თუმცა მისი შემოქმედება ჯერ კიდევ ანდეგრაუნდად ითვლება და ფართო მასებისთვის უცნობია. მისი სერია ,,შეყავი თავი გალერეაში’’ სოციალურ ქსელში მალევე გახდა ,,ვირუსული’’ და სააჩის გალერეის მაკეტითა და მასში თავშეყოფილი, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეებით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტერნეტ გალერეის, Art People Gallery-ს ყურადღებაც მიიპყრო, რომელსაც ოთხი მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

თეზი აქტიურად მუშაობს საკუთარი თავის, როგორც მარკეტინგულად ჩამოყალიბებული, კომერციული ბრენდის შექმნასა და მის თანამედროვე ხელოვნების ფრონტლაინზე გატანაზე. თამამად შეიძლება ითქვას, თეზი გაბუნია ერთადერთი ქართული არტ-ბრენდია, რომელსაც გააჩნია გარკვეული პლატფორმა, სტრატეგია და მუშაობის სქემა, რომელიც თავის თავშივე გულისხმობს ქართული ბაზრისთვის ჯერ ისევ წარმოუდგენელ პროდუქტიულობას და ამ ყველაფრის საჯარო სივრცეში ახლებური ფორმებით გამოტანას.

სერია ,,Fast Food’’, თეზი გაბუნიას ერთ-ერთი ახალი, სხვა სერიების მსგავსად ჯერ კიდევ ზრდადი, თუმცა ნებისმიერი ბაზრისთვის (ქართული, არა ქართული!) საინტერესო წამოწყებაა. ის ერთგვარი შარჟია ხელოვნების სტანდარტიზებულ წარმოება-მიწოდებაზე. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება არნახული სიჩქარით ვითარდება, წინ მიიწევს, პროგრესს განიცდის და ხანდახან რთულადაც კი გვეჩვენება ამ ყველაფერს დავეწიოთ. თითქოს, ვეღარაფერს ვეღარ ვასწრებთ. სოციო-კულტურული გარემო, რომელში ცხოვრებაც გვიწევს, ფართო არჩევანის საშუალებას გვაძლევს, თუმცა თავს მაინც შეზღუდულად ვგრძნობთ და ბრენდების ჰეგემონიის მსხვერპლებს, სულ უფრო და უფრო გვიჭირს სასურველი მიზნის მიღწევა. ამას, ბუნებრივია, დიდი დრო მიაქვს. ხოლო როცა დრო აღარ გაქვს, გიწევს სწრაფი კვების ობიექტების მომხმარებელი გახდე. ,,მაკდონალდსში’’ ყოფნისას, შენ ზუსტად იცი, რას მოგიტანენ ,,როიალ ჩიზის’’ შეკვეთისას და ოდნავი მოლოდინიც კი არ გაგაჩნია იმის, რომ ეს ,,როიალი’’ გუშინდელი, გუშინწინდელი ან წინა კვირის ,,როიალისგან’’ რამეთი განსხვავებული იქნება. შენ ის მოგწონს ისეთი, როგორიც არის. ყოველდღიური რუტინა არ გაძლევს საშუალებას, A პუნქტიდან B პუნქტში მისვლამდე გათავისუფლებული რამდენიმე წუთი ძვირადღირებული დელიკატესების დაგემოვნებაში გაატარო და გიტოვებს ერთადერთ არსებულ, შენთვის მისაღებ ვარიანტს  – ფასტ ფუდს. შენი მოთხოვნილება და მოლოდინი მართლდება ზუსტად იმ დოზით, რა დოზითაც ამას მოითხოვ.

fast_food_01

ზუსტად იგივეა თანამედროვე ხელოვნებაშიც – არტმა, როგორც ხალხის თვალში რაღაც განდეგილმა, ყოველდღიურობისგან გვერდით მდგომმა, ,,მიუწვდომელმა’’ და ,,გაუგებარმა’’ დაკარგა ექკსლუზიურობა და ერთადერთი რელევანტური ნიშა დაიჭირა – ჩვენ რუტინაში გადმოინაცვლა, თან დაგვყვება და ჩვენთან ერთად განიცდის მეტამორფოზას. ის პარადიგმა, რომ ხელოვნება, როგორც ,,სულის საზრდო’’ აუცილებლად სტანდარტულ საგამოფენო სივრცეში უნდა იხილო, უკვე არაადეკვატურად მცდარი და ჩვენთვის ნაკლებად ავთენტურია. თანამედროვე ხელოვნება ჩვენთან ერთად იზრდება. თეზი გაბუნია კი მას ფასტ ფუდის სახით გვაწვდის, – ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომი და ყველასთვის მისაღები ფორმით. მომნელებელი სისტემის როლს კი ამ შემთხვევაში სოციალური ქსელი თამაშობს, – ჩვენი მეორე, ალტერნატიული რეალობა, სადაც უკვე დამოუკიდებელი რუტინა შევქმენით და ბუნებრივია, იქაც, როგორც ყოფით ცხოვრებაში, აუცილებლად გვჭირდება ფასტ ფუდი. თეზის ნამუშევრები სწორედ ეს ფასტ ფუდია.

კაცობრიობა უკვე დიდი ხნის წინ შეთანხმდა, რომ კუჭი გულსა და ტვინზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ორგანოა და ხშირად სწორედ ის განაპირობებს პირველი ორის ქცევას. მშიერზე ფიქრი რთულია. სექსის შემდეგ ჭამა კათარზისად გვევლინება. კუჭში გასვლაც ერთგვარ რიტუალად იქცა, – როცა ჩვენ არამარტო ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებს ექკსრემენტების სახით ვიშორებთ, არამედ ფაქტიურად ხელახლა ვიბადებით, კუჭს ვიცარიელებთ და მზად ვართ მის ხელახლა შესავსებად.

fast_food_02

ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მეტაბოლიზმია, რომლის განუყოფელი ნაწილია არტი. თეზი გაბუნია კი, თავისი დინამიურობით, შრომისუნარიანობით, აქტიურობითა და პროდუქტიულობის მაღალი დონით, სწორედ ამ მეტაბოლიზმის შენარჩუნებას, კუჭის შევსება-დაცლას უწყობს ხელს.

ბოლო-ბოლო, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ხომ სხვა არაფერია, თუ არა ფალსიფიკაცია, – გრძნობების, ქცევების, მიმიკების, სხვადასხვა საგნისადმი დამოკიდებულების გაყალბება და გარკვეულ კრიტერიუმებს მორგება, რაც ხშირად საკუთარი რეალური სახის დაკარგვას, გაუცხოებას იწვევს და საზოგადოებაში ინტეგრაციას აფერხებს.

fast_food_03

ბოლოს კი მაინც ფასტ ფუდის საჭმელად მივდივართ. თეზი გაბუნიას ეს სერიაც სწორედ იმ ქოლესტერინის როლს თამაშობს, რომლის გარეშეც თანამედროვე ადამიანის არსებობა ფაქტიურად წარმოუდგენელია.

თეზი გაბუნიას გვერდი Facebook-ზე: https://www.facebook.com/tezi.gabunia/

სერია ,,Fast Food’’ Art People Gallery-ზე: http://www.artpeoplegallery.com/fast-food/

სერია ,,შეყავი თავი გალერეაში’’ Art People Gallery-ზე: http://www.artpeoplegallery.com/put-head-gallery-tezi-gabunia/

 

ლაშა მილორავა

იტვირთბა....