ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხოშტარია: ოცნება ცდილობს მიიტაცოს არჩევნები, არ ვაპირებთ ხმების დათმობას

პარტია ლელოს ოფისში შეკრებილი ოპოზიციის ლიდერები საგანგებო განცხადებას აკეთებენ და ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას სურს, კიდევ ერთხელ მიიტაცოს არჩევნები.

როგორც დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ოპოზიცია არ აპირებს არჩევნების დათმობას და ბოლომდე ბრძოლას გააგრძელებს.

“იმის პარალელურად რომ ჩვენ ყველა ვიბრძვით სხვადასხვა უბანზე და გვაქვს უშუალო კონტაქტი ჩვენს დამკვირვებლებთან, ჩვენ მოვისმინეთ აბსოლუტურად აღმაშფოთებელი და ტყუილი ბრიფინგი ქართული ოცნების მხრიდან. ერთი – ჩვენ ვხედავთ, რომ ცესკო-ს საიტზე ხდება აბსოლუტურად მანიპულირებული, უმეტესად მხოლოდ ქართული ოცნების უპირატესობის ამსახველი უბნების ატვირთვა. მეორე – გამოვიდა კობახიძე და მოიგონა ტყუილი, თითქოს ქართულმა ოცნებამ მოიგო უმრავლესი ქალაქები.

თავისივე ტყუილში ჩვენ ვნახეთ, რომ ლაპარაკი არის 1-2-3%-იან უპირატესობაზე, რაც მთლიანობაში მეტყველებს ქართული ოცნების აბსოლუტურად დანგრეულ ლეგიტიმაციაზე, თავისივე ტყუილებში ისინი დამაჯერებელ გამარჯვებაზე ვერ საუბრობენ, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, ღამე ამ ციფრების ბრახუნი ემსახურება ერთადერთ რამეს – გატეხონ ჩვენი დამკვირვებლების, ჩვენი მებრძოლი ხალხის განწყობა, მოატყუონ საზოგადოებას, რომ თითქოს ქართულ ოცნებას აქვს უპირატესობა და მიიტაცონ კიდევ ერთხელ არჩევნები. ჩვენ არ ვაპირებთ ამ არჩევნების და ამომრჩევლის ხმების დათმობას, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე ყველა სამართლებრივი და სხვადასხვა გზით. ვაფრთხილებთ ქართულ ოცნებას, მოეშვან წინასწარ მანიპულირებული ტყუილი განწყობის შექმნას”, – განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების მიხედვით, 14 თვითმმართველი თემიდან 13-ში ქართული ოცნების კანდიდატები იმარჯვებენ. გამონაკლისია წალენჯიხის თემი, სადაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ლიდერობს.

იტვირთბა....