ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: მწამს, რომ გავიმარჯვებ – ზუგდიდელებს თავს შევწირავ

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია გამარჯვებაში დარწმუნებულია.

როგორც მელიამ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი გამარჯვება იქნება მიხეილ სააკაშვილის გამარჯვება.

“ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი ამ დღეს. ახლა ვიყავი ჩემი მშობლების საფლავზე. მივედი, ვუთხარი მშობლებს დამლოცეთ-მეთქი და უნდა გენახათ, მანქანების რიგი დადგა, ყველა მორბოდა და წარმატებებს მისურვებდა, მკოცნიდა და მეხვეოდა. ეს არის საყოველთაო სიყვარული და ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არის. მე მწამს, რომ გავიმარჯვებ, მაგრამ ეს მთავრობა ყველაფერზე წამსვლელია. მაგათმა მაინც იციან, ვის მხარეზე არის ზუგდიდში უპირატესობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდელები მე მიჭერენ მხარს. დამიდგეს ჩემი კონკურენტი და ერთად გავიაროთ ქუჩებში, ვისაც უფრო მეტი მოწონება ექნება იმას ნახავთ.

მე მიხარია, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ვარ. თავს შევწირავ ზუგდიდელებს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შევუმსუბუქო ხალხს ყოფა-ცხოვრება. მე მოვედი ამიტომ ზუგდიდში და ამიტომ მივატოვე ჩემი საყვარელი საქმე, რომ მარტო კაბინეტში ჯდომით ქვეყანა არ აშენდება. აი, ფრონტის წინა ხაზზე უნდა ვიბრძოლო. ვიბრძოლო ისე, რომ გლეხს მივცე ამოსუნთქვის საშუალება, ქალაქელს მივცე ამოსუნთქვის საშუალება და ეს ზუგდიდი დავამსგავსო ჩემი სიყმაწვილის ზუგდიდს, სადაც სიკეთე, მეგობრობა და სიყვარული ჩქეფდა. უარი უნდა ვუთხრათ ჩვენ ასეთ დაპირისპირებას, ორად გაყოფას ქვეყნისას. ეს საზიანოა მთლიანად ქართველი ერისთვის. მე მიყვარს საქართველო, ზუგდიდი და მინდა, რომ მესამე პრეზიდენტი იყოს ჯანმრთელად და ბედნიერად, ამას ვუსურვებ. ჩემი გამარჯვება იქნება ბატონი მიხეილის გამარჯვებაც”, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

იტვირთბა....