ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: დარწმუნებული ვარ, დღეს გამარჯვებას მოიპოვებს კოალიციური მმართველობა

გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას კოალიციური მმართველობა მოიპოვებს.

მისი თქმით, თბილისმა გაიღვიძა, თბილისი იღვიძებს და არჩევანს აკეთებს მრავალფეროვნების სასიკეთოდ.

“დღეს ხმა მივეცი და დარწმუნებული ვარ, ქვეყნის უმრავლესობაც ასე იქცევა დღეს თბილისში და არა მხოლოდ თბილისში, ხმას აძლევს კონკურენციას, ხმას აძლევს მრავალფეროვნებას, ხმას აძლევს ცვლილებას, ხმას აძლევს შეჯიბრებითობას და ყველაფერს ვაკეთებთ და ყველაფერს აკეთებენ თბილისელი და არა მხოლოდ თბილისელები, რომ დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ საბჭოთა სტილის ერთპარტიული მმართველობა და გზა გაეხსნას კოალიციურ მმართველობას. მმართველობას, რომელიც გულისხმობს განსხვავებული აზრების შეჯერებით ქვეყნის მართვას. თუ ჩვენ გვინდა და გვინდა ნამდვილად ვიყოთ დიდი ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი, დიახაც, ასე უნდა ვიქცეოდეთ. მმართველობა, რომელიც გულისხმობს ერთპარტიულ, უღიმღამო, პირქუშ მმართველობას უბრალოდ ვერ წაგვიყვანს იქ, სადაც ისტორიული მისწრაფებები არის.

ამიტომ, მე დღეს დარწმუნებული ვარ, დარწმუნებული ვარ ძალიან, რომ გამარჯვებას მოიპოვებს კოალიციური მმართველობა. ამის საფუძველს იძლევა უკვე წინასწარი მონაცემები, რომელიც არსებობს. საარჩევნო უბნებზე გამოცხადება 10:00 საათისთვის არის გაცილებით მაღალი, ვიდრე პირველ ტურში. როგორც წესი, მეორე ტურებში ყველგან და მათ შორის საქართველოშიც, ტრადიციულად, გამოცხადება საარჩევნო უბნებზე არის ნაკლები, ვიდრე მეორე ტურებში, მაგრამ წელს არის პირიქით, ის გამონაკლისი რისი მოლოდინიც მქონდა, ხდება. ეს ნიშნავს, რომ თბილისმა გაიღვიძა, ეს ნიშნავს, რომ თბილისი იღვიძებს და თბილისი არჩევანს აკეთებს მრავალფეროვნების სასიკეთოდ. სასიხარულოა, რომ არის უდიდესი შანსი, ხვალ ჩვენ მივიღოთ სულ სხვა თბილისი”, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

იტვირთბა....