მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობს თვალის იმპლანტები, რომლებიც უსინათლოებს საშუალებას აძლევს დაინახონ მარტივი ნიმუშები, ესპანელმა მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ წარმატებას განსხვავებული მიდგომით მიაღწიეს.
მათ უსინათლო პაციენტის ტვინში იმპლანტი მოათავსეს, რომლის მეშვეობითაც მან დანახვა შეძლო. ეს ტვინის ვიზუალური ქერქის უშუალო სტიმულირებით გახდა შესაძლებელი.
ექსპერიმენტული სისტემა იყენებს ხელოვნურ ბადურას, რომელიც სპეციალურ სათვალეზეა დამაგრებული და მის წინ არსებულ სინათლეს აღიქვამს. ის შემდეგ ელექტრულ სიგნალებად გარდაიქმნება და გადაეცემა მომხმარებლის ტვინში ჩადგმულ 96 მიკროელექტროდის სამგანზომილებიან მატრიცას.
იმპლანტის სიგანე მხოლოდ 4 მმ-ია და თითოეული პატარა ელექტროდი 1,5 მმ სიგრძისაა.
აღნიშნული მოწყობილობა გასულ წელს წარმატებით გამოსცადეს პრიმატებზე, თუმცა ახლახანს მკვლევრებმა სისტემა 57 წლის ქალზე გამოსცადეს, რომელიც 16 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სრულიად ბრმა იყო.
ექსპერიმენტის შემდეგ მან საბოლოოდ შეძლო ხელოვნური ბადურას მიერ ნაპოვნი ფორმებისა და სილუეტების იდენტიფიცირება, რაც ბიონიკური თვალების კუთხით პროგრესზე მიუთითებს.
მეცნიერები თვლიან, რომ აღნიშნული მოწყობილობის მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი. ისინი შემდგომი ექსპერიმენტებისთვის ბრმა მოხალისეებს ქირაობენ.