ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბუღაძე აქციაზე: იქ მყოფთა 10%-ს მაინც თუ სჯერა გულწრფელად ოცნების მყეფარე ვარსკვლავების – კობახიძის თუ ღარიბაშვილის?

მწერალი ლაშა ბუღაძე ქართული ოცნების მიერ თავისუფლების მოედანზე გამართულ დღევანდელ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ბუღაძე აღნიშნავს, მმართველი გუნდის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ოპოზიციის ამომრჩეველს 30 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე ნახავენ.

“მესმის, რატომ მიდის ამათ აქციაზე ადამიანი პრაგმატული მიზეზით – ფულის ან დაშინების გამო, მაგრამ ნებით მისულს მართლაც რა ჯანდაბა უნდა, ეს კი ვეღარ გავიგე… რა მოწონს? რისი იმედი აქვს? ჯერაც ივანიშვილის – თავისივე პარტიის მიტინგზე მისვლა რომ ეთაკილება? მართლა მოშიმშილე მიშასი ეშინიათ? ესაა იქ დგომის სამკვდრო-სასიცოცხლო მიზეზი? ნეტა იქ მყოფთა 10%-ს მაინც თუ სჯერა გულწრფელად ქართული ოცნების მყეფარე ვარსკვლავების – კობახიძის თუ ღარიბაშვილის? თუ  ერთადერთ ოპტიმისტურ იმედად მათაც პარლამენტის გვარდაუმახსოვრებელი სპიკერის ჭრელი ნასკებიღა შერჩათ? სხვა რაღა გაქვთ ხალხისთვის შესათავაზებლად ამ ნასკების და თბილისური სლენგის დიდოსტატ კალაძის მიერ უგერგილოდ აკენწლილი ბურთის გარდა? ისე კი, ვინც ხმას აძლევს, უკლებლივ ყველა მოუქუჩებიათ, ვერაფერს იტყვი… ოპოზიციის ამომრჩეველს საარჩევნო უბნებზე ნახავენ 30-ში”, – წერს ბუღაძე.

შეგახსენებთ, რომ პარტია ქართულმა ოცნებამ თავისუფლების მოედანზე დღეს წინასაარჩევნო აქცია გამართა.

იტვირთბა....