ჩვენ ტვინს ხუთი ემოცია აკონტროლებს, რომლებიც დროგამოშვებით ღილაკებს აჭერენ თითს და ჩვენ ხასიათსა და ქცევებს აგენერირებენ, მათი ქმედებები კი მოგონებებს გვიღვიძებს. სწორედ ამ ხერხით, რეჟისორი პიტ დოქტერი მაყურებელს ანიმაციური ფილმით ,,თავდაყირა’’, ფსიქოლოგიის საბაზისო კურსს უტარებს.
პროექტის დაანონსებისთანავე ნათელი იყო, რომ საქმე გვაქვს ,,პიქსარის’’ ერთ-ერთ საუკეთესო, ექსტრავაგანტულ და ორიგინალურ ანიმაციასთან, სადაც არქეტიპული ანტაგონისტიც კი არ არსებობს, როგორც, მაგალითად ,,რატატუიში’’ (სკინერი), ან რენდალი ,,მონსტრების კორპორაციიდან’’, ხოლო მათ ნაცვლად, აბსოლუტური ბოროტების როლს, რომელსაც მთავარი პერსონაჟები ებრძვიან, თერთმეტი წლის გოგოს გარდატეხის ასაკის თანმხლები პრობლემები და კომპლექსები ასრულებს. თავისი გულწრფელობით და სიმარტივით, თავდაყირა თავისებურად მიაძაკის ანიმაციებს გახსენებს და გულს ძველი ,,დისნეის’’ მულტფილმებივით გითბობს.
,,თავდაყირას’’ მთავარი ღირებულება ადამიანის მეხსიერების მეტამორფოზის მხიარულად ახსნაა. მულტფილმი ნათელს ხდის, რატომ გვიჯდება ტვინში რეკლამაში მოსმენილი მოსაბეზრებელი მელოდია, რატომ ვივიწყებთ მეგობრების მობილურის ნომრებს და სად ქრებიან ჩვენი ბავშვობის წარმოსახვითი მეგობრები.
გარდა ამისა ,,თავდაყირა’’ იდეალურადაა ბალანსირებული: დოქტერის უსაზღვრო ფანტაზია მულტფილმისთვის დაშვებულ ნორმას არ სცდება, ნარატივზე აკურატულად მუშაობს, ასე რომ წარმოუდგენელია ყველაზე გაფანტულ მაყურებელსაც კი რამე გამოეპაროს.
პიქსარის შემოქმედებითმა სტაფმა კიდევ ერთხელ შეძლო და თითქმის წარმოუდგენელი საქმე გააკეთა: მოიფიქრა ისტორია, რომელსაც ერთი ამოსუნთქვით უყურებ, ხანდახან კი შეიძლება რამდენიმე კურცხალიც გადმოგივარდეს.
კარგად თუ დავუკვირდებით, ,,პიქსარის’’ მთელი ორიგინალურობისა თუ ექსპერიმენტის უკან გაწერილი ჭეშმარიტებები იმალება: რომ სიყვარული სამყაროს ცვლის (WALL-E), რომ ,,პატარას’’ შეუძლია დიადი გახდეს (RATATOUILLE), რომ მეგობრები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც გაგვაჩნია (TOY STORY), რომ მეოცნებეები არასდროს ბერდებიან (UP) და რომ აუცილებელია საკუთარ ემოციებს დავუჯეროთ და ვენდოთ, როგორიც არ უნდა იყოს ის.
ლაშა მილორავა