რომელიმე წიგნში შეგხვედრიათ ლოთი იესო, მსოფლიოში საუკეთესო ანიმატორი როი ჰოლდსტრომი, ლენინის ”ბალზამიროვშიკი”, კონსტანცია რატიგანი და ექსცენტრული გენიოსი ფრიც ლანგი (წიგნში – ვონგი) ერთად? თუ არა, ბრედბერის დეტექტივ–ნუარი ”შეშლილთა სასაფლაო: კიდევ ერთი ამბავი ორი ქალაქის შესახებ” ამ ხარვეზს აღმოფხვრის.
წიგნი პირობითი ტრილოგიის მეორე ნაწილია (1. ”სიკვდილი – ეს მარტოხელა საქმეა”; 3. ”მოდით ყველამ მოვკლათ კონსტანცია”) და თვითონ ბრედბერის პროტოტიპი მწერალი–ფანტასტისა და ამავდროულად ჰოლივუდელი სცენარისტის უცნაურ თავგადასავალს მოგვითხრობს:
1954 წლის ჰელოუინის საღამოს მას ერთ–ერთ პავილიონში მიიწვევენ ანონიმური წერილით და ისიც, რა თქმა უნდა წავა. ხოდა, კედელზე მიყუდებულ კიბეზე აცოცებულ 20 წლის წინ გარდაცვლილ გენიოს რეჟისორსა და ”მაქსიმუსის” კინო–სტუდიის ნამდვილ მმართველს, ყველასთვის საყვარელ რეი არბუტნოტს დაინახავს…
ასე იწყება საკმაოდ სასაცილო, ზოგან აბსურდული დეტექტივი. თუმცა, მთავარი სიუჟეტური ხაზის პარალელურად სხვა მოვლენებიც ვითარდება – ფრიც ვონგი (ცნობილ ოპერატორ ჯეიმს ვონგ ჰოუს + დიდი გერმანელი, ამერიკაში მოღვაწე რეჟისორი ფრიც ლანგი. სინამდვილეში ორივე ბრედბერის მეგობარი იყო) ფილმს იღებს იესოზე, სადაც მთავარ როლში იესო გამოდის, ან უბრალოდ მისი იმიტაცია, ერთი ბომჟი მსახიობი აშკარა ალკოდამოკიდებულებით და გახსნილი სტიგმატებიდან გადმონადენი სისხლით. ფილმის სცენარისტად მთავარ პერსონაჟს, მწერალ–ფანტასტს აიყვანენ, რომლის შედევრიალურ სცენარზეც ფრიც ვონგი უბრალოდ გონებას კარგავს. საერთოდაც, ბრედბერის თავისი თავი ამ წიგნში გენიოსად ჰყავს გამოყვანილი – ის ყველს უყვარს და მის ტექსტებზე ყველა გიჟდება. თუმცა, აშკარა მეგალომანია თვალში/ყურში/გონებაში ცუდად ნამდვილად არ გხვდება, პირიქით – დეტექტიურ პასაჟებსა და კომიკურ დიალოგებს უხდება კიდეც.
ბევრი რამ “შეშლილთა სასაფლაოში” ავტობიოგრაფიულა, მაგალითად: ავტოგრაფების შემგროვებელი კლარენსი, რომლის მსგავსადაც, ახალგაზრდობაში ბრედბერი კინო–სტუდიების ჭიშკრებთან საათობით იდგა, რათა რომელიმე ვარსკვლავის ავტოგრაფისთვის გამოეკრა ხელი… ასევე რეალობას შეესაბამება წიგნში მოყვანილი ფაქტი – ყოველ კვირას ”ფალფ” ჟურნალებისთვის დაწერილი ახალ–ახალი მოთხრობები; იყო დრო, სანამ რეი ცნობადი გახდებოდა, მართლაც კვირაში თითო ტექსტს აცხობდა. რაც, ჩემი აზრით, მწერლისთვის ძალიან დიდი საქმეა – თავდაუზოგავი მუშაობა ალბათ პირველი და უმთავრესი ფაქტორია წარმატებისათვის, რისი მაგალითიც თვითონ მისტერ–დიახ–მარსის–ქრონიკები–და–ბაბუაწვერას–ღვინო–ჩემი–დაწერილია გახლავთ.
“შეშლილთა სასაფლაო” კი აი ისეთი დეტექტივია, როგორიც ჯონ სტარჯესის და ტეი გარნეტის ფილმები. ალბათ სწორედ ისაა კარგი წიგნი, რომელიც, ვითომცდა ერთობ სერიოზული, პერსპექტივაში დაძაბული სიუჟეტის მქონე, მაინც გულიანად გაცინებს, ამავდროულად კი გზაფრავს და გაინტრიგებს კიდეც. ჰო, ჰო, აქვს ეს ყველაფერი ბრედბერის.
დასასრული? დასასრულს არ იკითხავთ?
სერიოზული რამაა ამ წიგნისთვის უკეთესს კაცი ვერ მოიფიქრებდა. ვერც იესო, ვერც არბუტნოტი. თქვენ წარმოიდგინეთ და ვერც ვონგი.
ოჰ, ეს ქალები!
ასევე საგულისხმოა როი ჰოლდსტრომი, მთავარი პერსონაჟის საუკეთესო მეგობარი და real buddy (სინამდვილეშიც რეის მეგობარი – რეი ჰარიჰაუზენი), მსოფლიოში საუკეთესო ანიმატორი და უბრალოდ თავის დინოზავრებზე შეყვარებული გიჟი შემოქმედი. ერთგვარი, ჰოლივუდელი ვიქტორ ფრანკენშტეინი. მთავარ თავგადასავალში როის საკმაოდ დიდი როლი აქვს, როგორც ბოლოს გაირკვევა – ყველაზე დიდიც კი.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, “შეშლილთა სასაფლაო” ერთგვარი “ჰოლივუდის 99 ფრანკია” და მიუწვდომელი, ყველასგან დაფარული სისტემის გაშიშვლებაზეა ორიენტირებული. ჰოლივუდური ცხოვრება, პავიოლიონებში გაცოცხლებული მთელი მსოფლიო და ისტორია – დინოზავრების ხანიდან უტოპიურ მომავლამდე, მაგნატები, მათი ხუშტურები და სიმართლე, თუ ვინ და საიდან მართავს მსოფლიო ჰეგემონს – “ჰოლივუდს”.