დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები სერიოზულადაა მომატებული, რაც ე.წ. მეხუთე ტალღის დასაწყისია.
მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო სხვადასხვა შემზღუდველ ღონისძიებებს განიხილავს.
“შემთხვევების რაოდენობა სერიოზულად მომატებულია და ეს დასაწყისია ე.წ. მეხუთე ტალღის. სამწუხაროდ, ეს ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულიდან იწყება და ამიტომ აუცილებელია, რომ ყველამ გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია, თავი ავარიდოთ თავშეყრის ადგილებს და ავიცრათ.
ბოლო კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გაუარესებულია სიტუაცია სამ რეგიონში კახეთში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, სადაც შედარებით დაბალია აცრით მოცვის მაჩვენებელი. შედარებით უკეთესია სიტუაცია აჭარასა და თბილისში, რადგან ორივე რეგიონში აცრით მოცვის მაჩვენებელი გვაქვს, სხვა რეგიონებთან შედარებით, მაღალი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, რომ აიცრას. მილიონი ადამიანია აცრილი, სულ მცირე კიდევ ერთი მილიონი უნდა აიცრას, რომ მშვიდად შეხვდეს ქვეყანა ახალ წელს. რაც შეეხება სხვადასხვა შემზღუდველ ღონისძიებებს, ამას განიხილავს საკოორდინაციო საბჭო”, – განაცხადა გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.
ცნობისთვის, საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, COVID-19-ის 4 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა კიდევ 28 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.93%-ია.