დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდეს.
მისი თქმით, აცრის გარეშე ნოემბერი ძალიან მძიმე იქნება.
“ჩვენი სამოქალაქო პასუხიმგებლობა ჩვენი თანამემამულეების წინაშე გახლავთ ის, რომ ყველამ გავითავისოთ, სერიოზულად უარესდება ეპიდისტუაცია. ყველამ ვატაროთ პირბადე, ეს ხომ არის უმარტივესად შესასრულებელი რეკომენდაცია. ყველამ, შინ და გარეთ ვატაროთ პირბადე. იცავს ეს პირბადე ბატონო. მეორე, დავიცვათ დისტანცია და თავი ავარიდოთ ყოველგვარ დიდ შეკრებას, რა მიზეზითაც ეს არ უნდა იყოს.
წავიდეთ და ავიცრათ ბატონებო, ერთმანეთისთვის ავიცრათ. ქვეყნისთვის ავიცრათ, იმიტომ რომ სხვანაირად დამიჯერეთ, რომ ძალიან მძიმე ნოემბერი გვექნება. გამაგებინეთ, ვის უნდა სიკვდილიანობის მაღალი რიცხვები?
გავრცელება ძალიან სწრაფია და ამიტომ, მოსალოდნელია, კიდევ უფრო გაუარესდეს ეპიდსიტუაცია”, – განაცხადა გამყრელიძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში.
ცნობისთვის, საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, COVID-19-ის 4 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა კიდევ 28 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.93%-ია.