ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

“უპირობოთ მოვიგებთ არჩევნებს… ივანიშვილიც მხარს გვიჭერს”

ექსკლუზიური ინტერვიუ “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძესთან

მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ თავმჯდომრის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა თანამდებობა დატოვა. “ქართული ოცნების“ პარტიის ყრილობა გაზაფხულზე იგეგმება, ხოლო ვინ იქნება მმართველი პარტიის თავმჯდომარე ჯერჯერობით უცნობია. მედიაში ვცელდება ინფორმაცია, რომ ახალი თავმჯდომარე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იქნება.

„მეტრონომი“ ახალ თავმჯდომარეზე, პარტიის სამომავლო გეგმებსა და 2016 წელს დაგეგმილ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს ესაუბრა.

„მეტრონომი“: როდის იგეგმება „ქართული ოცნების“ ყრილობა?

ირაკლი კობახიძე: „საბოლოოდ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუმცა წინასწარი გადაწყვეტილებით გაზაფხულზე ჩატარდება. წესდებით დაგეგმილია, პარტიის თავმჯდომარის არჩევნები, პოლიტსაბჭოს წევრთა არჩევნები და სხვა.

– ამ ეტაპზე ვისი კანდიდატურები განიხილება? მედიაში კვირიკაშვილის კანდიდატურაზე საუბრობენ…

– თავმჯდომარეობას რაც შეეხება, პირველ რიგში ალბათ იქნება საუბარი ბატონ გიორგი კვირკაშვილთან დაკავშირებით, გამომდინარე მისი სტატუსიდან. ბატონო გიორგის თავმჯდომარეობა გააძლიერებს ჩვენს პარტიას და სავარაუდოდ ამ მიმართულებით გაგრძელდება მსჯელობა. თუმცა, გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს მისაღებია. უახლოეს მომავალში შეიკრიბება პოლიტიკური საბჭო და იქ მიიღება გადაწყვეტილება თავმჯდომარესთან დაკავშირებით.

– თქვენ როგორ აფასებთ კვირიკაშვილის კანდიდატურას?

– ბატონ გიორგის აქვს სათანადო გამოცდილება, როგორც პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დასაკავებლად, ასევე პარტიის თავმჯდომარეობისთვის. მისი თავმჯდომარეობა ჩვენს პარტიას ძალიან გააძლიერებდა. ვნახოთ, პოლიტსაბჭოს მიერ როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

– დავით ზალკალიანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბრუნებას როგორ აფასებთ?

– ზალკალიანი არის ძალიან კარგი კადრი საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის. აქედან გამომდინარე, მივესალმები, ბატონი დავითის ბრუნდებას სამინისტროში.

– წასვლის წინ ზალკალიანმა საკმაოდ სერიოზული განცხადებები გააკეთა მათ შორის ქვეყნის კურსზეც. როგორ აფასებთ მის მაშინდელ  განცადებებს?

– საბოლოო ჯამში, ეს ხელს არ უშლის ბატონი დავითის დაბრუნებას სამინისტროში.

– NDI-ის კვლევებით საგრძნობლად შემცირებულია „ქართული ოცნების“ რეიტინგი. თითქმის ერთი წელია, რაც პარტიის აღმასრულებელი მდივანი ხართ. როგორ აფასებთ რეიტინგის ასე მკვეთრ ვარდნას?

– რაც შეეხება რეიტინგებს, NDI რეიტინგს ჩვენ არასოდეს არ ვენდობოდით, ძალიან მარტივი გარემოებიდან გამომდინარე, ამ კვლევის შედეგები არასოდეს არ ემთხვეოდა არჩევნების შედეგებს. არც 2012 წლამდე და არც 2012 წლის შემდეგ. კვლევის ავტორებმა თვითონ ჩაიყენეს თავი ისეთ მდგომარეობაში. ჩვენ გვაქვს საკუთარი შიდა კვლევები და შემიძლია გითხრათ, რომ NDI-ის კვლევები მთლიანად არის აცდენილი სინამდვილეს.

– თქვენი კვლევებით დაახლოებით რამდენია „ქართული ოცნების“ რეიტინგი?

– ამას ვერ დაგიკონკრეტებთ, რადგან ეს შიდასამზარეულოა. თუმცა, მე შემიძლია გითხრათ, რომ სხვაობა ძალიან დიდია. არამარტო ჩვენი პარტიის, სხვა პარტიების შემთხვევაშიც მთლიანად არის არეული სურათი. სხვადასხვა მიმართულებით და რა მიმართულებით, ეს შეგიძლიათ თავად გამოიცნოთ. არც ის შეესაბამება სინამდვილეს, რომ 60% ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცეს ხმა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არანაირად არ არის სანდო ის შედეგები, რომელსაც NDI გვაწვდის. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს მყარი პოზიციები, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ უპირობოთ მოვიგებთ არჩევნებს. ამასთანავე, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის აქტიურად ჩაერთვება წინასაარჩევნო პროცესებში, მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას“ და ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი შედეგი“.

– ივანიშვილი „ქართულ ოცნებას“ ფინანსური კუთხითაც დაეხმარება?

– რაც შეეხება ჩართულობის ფორმას ამ ეტაპზე დაკონკრეტებული არ არის. ეს პირველ რიგში, ბატონ ბიძინაზეა დამოკიდებული. მოგვიანებით ბუნებრივია, ეს ფორმა დაკონკრეტდება.

– “ქართული ოცნების” ადგილობრივ წევრებზეც რომ ვისაუბროთ. იგეგმება თუ არა ცვლილებები პარტიაში და გორის შემთხვევაზეც, რომ გვესაუბროთ, რატომ დატოვა პარტია იოსებ ფალელაშვილმა?

– ჩვენი ერთი მთავარი პრიორიტეტი არის რეგიონული სტრუქტურების გაძლიერება. გვაქვს კონკრეტული გეგმა და ვატარებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით კონფერენციებს. ხელახლა აირჩევა ყველა საოლქო ორგანიზაციაში პარტიის თავმჯდომარე, დაინიშნებიან აღმასრულებელი მდივნები. საკადრო გადახალისება ჩვენი პრიორიტეტია. რაც შეეხება გორის საქმეს, ეს შიდასამზარეულოა და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საგანგაშო არაფერია და მარტივად დავარეგულირებთ.

ესაუბრა მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....