ირაკლი კაკაბაძე მისი დის, ნინია კაკაბაძის განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ დედამისისგან არასდროს პატრიარქის განკითხვის შესახებ არ გაუგია.
„რაც შეეხება პატრიარქს – მასზე აუგი სიტყვა არც დედაჩემისგან მსმენია ოდესმე და არც მამაჩემისგან“ – წერს კაკაბაძე.
„ერთ პატარა განცხადებას გავაკეთებ დედაჩემთან დაკავშირებით, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია აღარ არის ცოცხალი. უამრავი ადამიანი მირეკავს და მეკითხება რატომ ლანძღავდა დედაშენი პატრიარქსო? რომ ვეკითხები ეს სისულელე საიდან მოგივიდათ თავშიო, მეუბნებიან შენმა დამ ამას ოფიციალური სტატია მიუძღვნაო. მე ჩემი დის მოსაზრებებზე კომენტარების გაკეთებას არ ვაპირებ. ეს ჩემი კომპტენეცია არ არის. მას საკუთარი გამოცდილება და აზრი გააჩნია და მე ჩემი. ხშირად ეს გამოცდილებები და აზრი ერთმანეთს არ ემთხვევა და ეს ბუნებრივია. უბრალოდ ამდენი კითხვა რომ ისმება დედაჩემის, ნათია ამირეჯიბის თაობაზე – ამაზე ძალიან ცალსახად და უაპელაციოდ შემიძლია ვთქვა შემდეგი:
პირველ რიგში დედაჩემისგან არასდროს და არანაირ პირობებში არ გამიგია პატრიარქის განკითხვა მის ავეჯთან ან კიდევ სასახლის რაიმე სხვა მოწყობილობასთან დაკავშირებით. ჩემი გამოცდილებიდან ასეთი რამე არ მომხდარა. უფრო მეტიც – მე შევესწარი ჩემი მშობლების პირველ შეხვედრას პატრიარქთან თუ არ ვცდები 1978 წლის ზაფხულში, ბათუმში, სადაც მისი უწმინდესობა ეწვია ბებიაჩემის დას, ქალბატონ თამარა ნაკაშიძეს. ამ შეხვედრსი შემდეგ ორივე – მამაჩემიც და დედაჩემიც ძალიან ნასიამოვნები იყო და საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევდა კათალიკოს პატრიარქს. სხვა შეფასება ჩემი მშობლებისგან პატრიარქის შესახებ მე არასდროს გამიგია.
რა თქმა უნდა ის მართალია, რომ ნათიას, ისევე როგორც მამაჩემს ძალიან არ უყვარდა ბურჟუა ცხოვრების სტილი – იგივე მეშჩანობა, მატერიალიზმი და ვეშჩიზმი. ამაზე ორივე მათგანი თავის წიგნებშიც და საჯარო გამოსვლებშიც ბევრს ლაპარაკობდა. დედაჩემისთვის, ისევე როგორც მამაჩემისთვის, რაღა თქმა უნდა უკიდურესად მიუღებელი იყო თანამედროვე ცხოვრების სტილი, სადაც ადამიანის გასაქონლება ხდება და ბურჟუა მომხამრებლური დამოკიდებულებები სჭარბობს. ამ ჭირს ისინი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს აკრიტიკებდნენ. ის ღირებულებები. რომლებზეც თანამედროვე პოლიტიკური ისტაბლიშმენტი დგას (გამონაკლისების გარდა) მათთვის რა თქმა უნდა სრულიად მიუღებელი იყო.
რაც შეეხება პატრიარქს – მასზე აუგი სიტყვა არც დედაჩემისგან მსმენია ოდესმე და არც მამაჩემისგან. ვინმეს თუ ამის დამადასტურებელი ფაქტი აქვს ან ჩანაწერი მზად ვარ მოვუსმინო – თუმცა ეჭვი მეპარება ნებისმიერ ასეთი ინსინუაციის აუთენტურობაში. პირიქით, 1979 წელს დედაჩემიც და მამაჩემიც ირანის ისლამურ რევოლუციასაც შეხვდნენ სიხარულით, რადგან მათ მიაჩნდათ რომ როგორც საბჭოთა, ისე დასავლური მატერიალიზმი არის დამღუპველი კაცობრიობისათვის და მიშელ ფუკოსი არ იყოს, ისინიც ფიქრობდნენ რომ მსოფლიოს ნამდვილი ‘სულიერი რევოლუცია’ სჭირდება. თანამედროვე ლიბერალიზმის იდეალი არასდროს ყოფილა არც მამაჩემის და არც დედაჩემის იდეალი. პირიქით ორივე მათგანის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ხელოვნების ნაწარმოები იყო ლუის ბუნუელის ‘ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი’ და მისი მსგავსი ნაწარმობებები, სადაც მიწასთან არის გასწორებული ეს ლიბერალური ცხოვრების სტილი.
ეს არის ჩემი გამოცდილება საკუთარ დედასთან საკმაოდ ახლო მეგობრული ურთიერთობის შემდეგ, რომელიც მხოლოდ გასულ წელს დამთავრდა მისი გარდაცვალების გამო. ამ გამოცდილების საბუთად შემიძლია მოვიყვანო მათი ნაშრომები და საჯარო გამოსვლები, სადაც ისინი ყველაზე მეტად ბერდიაევის სტილის ეგზისტენციალიზმის სულს ეთანხმებოდნენ და არამც და არამც საბჭოთა ან ბურჟუა მატერიალიზმის სულს. სხვა ადამიანების გამოცდილებაზე მე პასუხს ვერ ვაგებ. და არც ის ვიცი რა საბუთებს ეყრდნობიან ისინი, როდესაც გარდაცვილი ადამიანების სახელით საუბრობენ. მეტ კომენტარს მე აღარ გავაკეთებ. საერთოდ არ მიმაჩნია სწორად გარდაცვლილი ადამიანების კერძო საუბრების ციტირება მაშინ, როდესაც ამის საბუთები არ გვაქვს, მითუმეტეს როცა მწვავე პოლიტიკური და კულტურული დაპირისპირების დროს ამ გამონათქვამებს ერთმანეთს დაპირისპირებული მხარეები იყენებენ“ – წერს კაკაბაძე.
მან ეს განცხადება იმის შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მისმა დამ ნინია კაკაბაძემ სოციალურ ქსელში ილია მეორესთან ბავშვობისდროინდელი სტუმრობა გაიხსენა და დაწერა, რომ ამ სტუმრობის შემდეგ დედამისის აღშფოთება პატრიარქის სახლში არსებულმა სიმდიდრემ გამოიწვია.
„როგორც ჩანს, დედაჩემიც პირველად იყო მასთან სტუმრად, რადგან იმ დღის მერე მახსოვს მისი აღშფოთებული საუბარი იმის თაობაზე, რომ პატრიარქი ასეთ სიმდიდრეში არ უნდა ცხოვრობდეს, რომ ოქრო თვალს არ უნდა გჭრიდეს მის ბინაში, რომ ძვირფასი ნივთებით გამოტენილი სახლი არ უნდა ქონდეს და რომ ეს მეშჩანობა და უზნეობაა“- დაწერა ნინია კაკაბაძემ.