ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროპარლამენტარები: ღარიბაშვილის განცხადება აჩვენებს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე საქართველოს მესამე პრეზიდენტ  მიხეილ სააკაშვილის დაკავებას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურებიან.

როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ევროპარლამენტარები ელოდებიან, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი საქმე საქართველოში გამოძიებული იქნება ევროპული მართლმსაჯულების სისტემის პრინციპების შესაბამისად.

“სამწუხაროდ, ჩვენ შეშფოთებით უნდა აღვნიშნოთ პრემიერ – მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი საჯარო მუქარა ბატონი სააკაშვილის მიმართ დამატებით ბრალდებებთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ ის წესიერად არ მოიქცევა.

ეს აჩვენებს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე ფაქტობრივად პოლიტიკურია, რაც სავალალოა და შეუთავსებელია ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან.

ეს არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ქართული ოცნების ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ არ შეუძლია გადალახოს მართლმსაჯულების პოლიტიზირების ცდუნება, რაც არ შეესაბამება კანონის უზენაესობის პრინციპებს და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების პრინციპებს.

ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, მთავრობის ოფიციალური პირისგან ამგვარი განცხადების გაკეთებას, მისი დაუყოვნებლივ გადადგომა მოჰყვებოდა. პრემიერ-მინისტრისა და მმართველი ქართული ოცნების პარტიის ლიდერების პირადი თავდასხმები ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და ვარდების რევოლუციის მიღწევებზე უბრალოდ ამაზრზენია.

დემოკრატიის სიმწიფე და ევროპული ტიპის კანონის უზენაესობის სისტემა ევროპული ინტეგრაციის წინაპირობაა. ქართული ოცნება ისევ და ისევ ვერ ამტკიცებს, რომ მათ შეუძლიათ ამ პირობების შესრულება“, – აღნიშნულია ევორპარლამენტარების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში მეშვიდე დღეა შიმშილობს.

იტვირთბა....