ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რატომ დაიძაბა ურთიერთობები ირანსა და აზერბაიჯანს შორის – ბატიაშვილის შეფასება

ირანსა და აზერბაიჯანს შორის, ბოლო კვირების განმავლობაში, ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა.

აღმოსავლეთმცოდნე, რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი მეტრონომთან საუბარში აცხადებს, რომ ყარაბაღის ომის შემდეგ რეგიონში ძალთა ბალანსი შეიცვალა, რის შედეგადაც, ირანი თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობს.

მისივე თქმით, ირანი ისრაელისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე ეჭვობს, რაც თეირანის გადმოსახედიდან საფრთხის შემცველია.

„სიტუაცია დაძაბულია. ყარაბაღის ომის შემდეგ რეგიონში ძალთა ბალანსი შეიცვალა. ირანი არც თუ ისე უსაფრთხოდ გრძნობს თავს, რადგან ეჭვობენ აზერბაიჯანის ისრაელთან თანამშრომლობაზე და ფიქრობენ, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შესაძლოა იყოს ისრაელის გარკვეული სამხედრო ყოფნა, რომელიც თეირანის გადმოსახედიდან საფრთხის შემცველია. ბოლო პერიოდში სულ უფრო ბევრს საუბრობენ ისრაელის შესაძლო თავდასხმაზე იმ მიზნით, რომ იქ არსებული სამხედრო ობიექტები დაიბომბოს, რათა არ მოხდეს ბირთვული იარაღის შექმნა, რისი ეჭვიც ისრაელს ირანთან დაკავშირებით გააჩნია.

ამას ემატება თურქული და აზერბაიჯანული განწყობების ზრდა ყარაბაღის ომის შემდეგ არამხოლოდ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, არამედ ირანის ჩრდილოეთში, სადაც ასევე მილიონობით წარმოშობის აზერბაიჯანელი მოქალაქე ცხოვრობს და გარკვეულწილად, ირანი გრძნობს თავს თურქულ-აზერბაიჯანულ რკალში“, – ამბობს ბატიაშვილი.

როგორც ბატიაშვილი აღნიშნავს, ორ ქვეყანას შორის არსებულმა ურთიერთობამ შესაძლოა გარკვეული გავლენა საქართველოზეც მოახდინოს.

„საქართველოს შეეხება იმ შემთხვევაში, თუ ეს გადაიზარდა პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში. თუ მეზობლის სახლს ცეცხლი უკიდია, არსებობს საშიშროება, რომ ის შენზეც აისახოს და გადმოგედოს“, – აღნიშნა ბატიაშვილმა.

ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობების მიზეზად რამდენიმე ფაქტორი სახელდება. მათ შორისაა აზერბაიჯანსა და ირანში საზღვრებთან ახლოს ჩატარებული სამხედრო წვრთნები და ბაქოს ურთიერთობები თელ-ავივთან.

იტვირთბა....