ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

სასტიკი წესი მხოლოდ საქართველოში: რატომ აშორებენ ბავშვებს მშობლებს?

არასამთავრობო ორგანიზაცია პრობლემის გადაწყვეტას სასამართლო წესით აპირებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წევრი ანა არგანაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს. ის საუბრობს მანკიერ წესზე, რომლის მიხედვითაც, თუ ბავშვი ინტენსიური ზრუნვის პალატაში ხვდება, მშობლებს მასთან ყოფნის უფლება არ აქვთ. როგორც არგანაშვილი წერს, ეს ბრუტალური და სასტიკი წესი მხოლოდ საქართველოში შემორჩა.

„მხოლოდ საქართველოში დარჩა ბრუტალური, სასტიკი წესი – როცა ბავშვებს და მშობლებს ერთმანეთს აშორებენ თუ ბავშვი საავადმყოფოს ინტენსიური ზრუნვის პალატაში მოხვდა. ეს შეშინებული ბავშვის მიმართ სასტიკი მოპყრობაა და მის გამოჯანმრთელებას ხელს უშლის. გვინდა ეს მანკიერი პრაქტიკა დასრულდეს. ამისთვის გვჭირდება საქმე, რომელსაც სასამართლოში წავიღებთ. თუ რომელიმე მშობელი, ბოლო პერიოდში, ასეთი პრობლემის წინაშე დადგა და თანახმაა, რომ ეს პრაქტიკა დაასრულოს, შეგვატყობინეთ. ეს პრაქტიკა არის ბრუტალური, სასტიკი და არაადამიანური, ბავშვების და მშობლების დამაზიანებელი“- წერს არგანაშვილი.

მის ამ სტატუსს გამოეხმაურნენ ის მშობლები, რომლებსაც წარსულსში მსგავსი პრობლემები ჰქონიათ:

„ძირითადად დედას უშვებენ, მამას არა. ცოტა ხნის წინ ვიწექით კლინიკაში და მიმღებში მაშინვე ის გვითხრეს, დედა და ბავშვი წამოვიდნენ, მამა დარჩესო. კათეტერის ჩადგმაზე მეც გამომიშვეს გარეთ, ვეხვეწე დავრჩები-მეთქი. ზუსტად ვიცოდი უფრო უმტკივნეულოდ მოხდებოდა ყველაფერი, მაგრამ არ გაითვალისწინეს. მამას ნახვის საათებში ქონდა მოსვლის უფლება, პალატაში ბავშვთან დარჩენის უფლება მხოლოდ მე მქონდა. როგორც მითხრეს, მამა მაშინ რჩება, როცა დედას არ სცალია, ანუ ორივეს ერთად დარჩენა არ შეიძლებოდა“- წერს ერთ-ერთი მშობელი.

კიდევ ერთი მშობელი ამბობს, რომ მის შვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა სწორედ კათეტერის ჩადგმის დროს მშობლის არყოფნამ გაურთულა.

„არ გაითვალისწინეს მისი ემოციური მდგომარეობა, მარტო შეიყვანეს და სავარაუდოდ, სტრესის ფონზე დიაბეტი დაემართა, ახლა კი ინსულინს ყოველ 6 საათში ერთხელ ვუკეთებთ.“

ჩვენთან საუბრისას ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით მას დახმარებისთვის რამდენიმე მშობელმა მიმართა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათ სამედიცინო დაწესებულებებში, ინტენსიური ზრუნვის პალატებსა და ჩვეულებრივ პალატებშიც ბავშვებთან ყოფნის შესაძლებლობა არ მიეცათ. მშობლები ამბობენ, რომ ამის მიზეზი ან პირდაპირი აკრძალვა, ან საავადმყოფოებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემა იყო.

“მაგალითად, თუ დარჩებოდნენ სკამზე უნდა გაეთენებინათ და ა.შ. ანუ ფიზიკურად დარჩენა შეუძლებელი იყო. მინდა გითხრათ, რომ ეს ბავშთა უფლებების სერიოზლი დარღვევაა, იმიტომ, რომ საავადმყოფოში ჩატარებული მანიპულაციების დროს, ბავშვი განსაკუთრებით მოწყვლადია ემოციური სტრესის მიმართ და სამედიცინო მტკიცებულებები უკვე ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ მშობელთან დაშორება გამოჯანმრთელების პროცესს აუარესებს. გარდა ამისა, ბავშვებს მიტოვებულობის განცდა აქვთ, როდესაც მშობელი მასთან არ არის და გონიათ, რომ ეს მათთვის გამოწერილი სასჯელია“ – აღნიშნა არგანაშვილმა.

მისი თქმით, აბსოლუტურად ყველა განვითარებულ ქვეყანაში ამაზე ყველა შეთანხმდა, რომ ბავშვი მკურნალობის პროცესში მშობელს არ უნდა დააშორონ, რადგან ამით მხოლოდ მის მდგომარეობას აუარესებენ და შეიძლება მან ისეთი სტრესი მიიღოს, რომ ასეთი მოპყრობა არაჰუმანურ მოპყრობას გაუტოლდეს.

„ამაზე ჩვენს ორგანიზაციას გამოქვეყნებული აქვს კვლევა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო ცხადად არ ამბობს – ეს უფლება ბავშვს აქვს თუ არ აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ ამის გადაწყვეტის საშუალებას საავადმყოფოებს უტოვებს. ეს ჩვენთვის მიუღებელია, იმიტომ, რომ კერძო საავადმყოფო თუ მისთვის არ იყო ეს დადგენილი სტანდარტი, ან ლიცენზიის პირობა, არასოდეს გაიღებს იმ თანხებს, რომ შესაბამისი ინტენსიური ზრუნვის პალატები მოაწყოს. ამას გარკვეული ინფრასტრუქტურა სჭირდება. ასევე, ამ საქმის გადაჭრას მომზადება სჭირდება. ერთ-ერთი კონტრარგუმენტი, რასაც ექიმები მშობლებს ეუბნებიან ეს არის: თქვენ ვერ გაუძლებთ ამის ყურებას. კი, მაგრამ მოდი, მე მომეცი ამის არჩევანის საშუალება და მომამზადე, რომ გავუძლო. შენ თუ მეტყვი, რომ მაგალითად, ვაპირებ აი, ამ მანიპულაციის ჩატარებას, მე უფრო მეტი მზაობა მექნება“– აღნიშნა არგანაშვილმა.

ჩვენთან საუბარში ის ასევე ამბობს, რომ რადგან სახელმწიფო არც კანონით და არც პოლიტიკის დონეზე ბავშვზე მორგებულ ჯანდაცვას არ არეგულირებს, გამოდის, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება კერძო საავადმყოფოებს რჩებათ.
„მოგეხსენებათ, კერძო საავადმყოფოები არ ახორციელებენ ფინანსურ ინვესტიციებს ბავშვზე მორგებული ჯანდაცვის განვითარებისათვის და დღეს რაც გვრჩება ეს არის ძალიან სასტიკი, არაჰუმანური მობყრობა ბავშვების მიმართ.
განსაკუთრებით საშიშია, როდესაც ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. მაგალითად, თუ ბავშვს ან გონებრივი შეფერხება აქვს, ან მხედველობა არ აქვს, წარმოდგინეთ, რამდენად დაუმძიმდება მდგომარეობა, როდესაც უცხო გარემოში მარტო დარჩება.

აქ სამწუხაროდ ძალაუფლების მომენტიც შემოდის. სანამ ბავშვი იმ საავადმყოფოში რჩება, მშობელს ეშინია, რომ თუ საავადმყოფოს უჩივლებს, მაშინ იმ ბავშვს ცუდად მოუვლიან. სწორედ ამის გამო ვერ იცავს თავის შვილს. ეს ძალიან არათანაბარი, არასწორი მოპყრობაა“ – ამბობს არგანაშვილი.

აღნიშნულ საკითხს ორი თვის წინ „რადიო თავისუფლებამ“ ვრცელი სტატია მიუძღვნა, თუმცა, მას გამოხმაურება არ ჰქონია და საკითხი კვლავ გადაუჭრელი დარჩა. სწორედ იმიტომ, რომ საკითხი სხვანაირად ვერ გვარდება, არგანაშვილი ამბობს, რომ როგორც კი პირველ მსურველ მშობელს იპოვნიან, ამ საკითხს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„მრავალმხრივი დარღვევაა და ეს ისეთი სერიოზული დარღვევაა, რომ შეიძლება მთელი მკურნალობის პროცესი ჩაშალოს და გააფუჭოს. სამწუხაროა, რომ ამ საკითხით არავინ ინტერესდება და ამიტომ, ვაპირებთ სასამართლო წესით ამ საკითხის გადაჭრას“ – აღნიშნა ანა არგანაშვილმა.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელს, ანა აბაშიძეს ბავშვზე მორგებულ ჯანდაცვის სისტემაზე კვლევა აქვს ჩატარებული. მასში ჩამოთვლილ სტანდარტებს ის დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდნენ, სადაც ბავშვები სამედიცინო მომსახურებას იღებენ.

ბავშვზე მორგებული ჯანდაცვის სისტემის 12 სტანდარტი უკავშირდება სხვადასხვა უფლებას, რომლებიც დაცულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენციაში.

ერთ-ერთი სტანდარტი შეეხება სწორედ ბავშვის და მშობლის დაშორებას სამედიცინო მანიპულაციების დროს:

„სამედიცინო მანიპულაციების დროს ბავშვი არ უნდა დაშორდეს მშობლებს, სამწუხაროდ, აღნიშნული სტანდარტი ხშირად ირღვევა. მშობლებს არ ეძლევათ საშუალება, მუდმივად იყვნენ საკუთარ შვილებთან, მათთან დარჩნენ ღამით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გენდერულად უთანასწორო მიდგომებიც ფიქსირდება. ხშირად შვილებთან ყოფნისა და დარჩენის უფლება სამედიცინო დაწესებულებაში ეძლევათ მხოლოდ დედებს.

როდესაც ბავშვი საავადმყოფოში მარტოა, მას უჩნდება განცდა, რომ მიატოვეს; ეს გრძნობა შეიძლება მის ტანჯვას იწვევდეს. ამიტომაც, უმეტეს შემთხვევაში, ბავშვებთან უნდა იყვნენ მშობლები, ხოლო გამონაკლისის შემთხვევაში, როცა ეს, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ბავშვებთან მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ მომვლელები. ისინი უნდა იყვნენ კარგად მომზადებული იმისთვის, რომ ბავშვს აარიდონ მიტოვების განცდის შედეგად მირებული შესაძლო ზიანი. საუკეთესო პრაქტიკამ აჩვენა, რომ აუცილებელია, ბავშვების მშლობლებსა და ახლობლებს თავისუფლად, დაუბრკოლებლად და ხშირად შეეძლოთ ბავშვის მონახულება.

საავამდყოფოს უნდა ჰქონდეს შესაფერისი აღჭურვილობა და ოთახები მშობლებისთვის, საწოლების ჩათვლით“

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსს, მარინა დარახველიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ კანონმდებლობა არ კრძალავს მნახველის შესვლას ბავშვთან, მაგრამ რამდენად უზრუნველყოფილი იქნება ასეთ გარემოში მისთვის უსაფრთხოების ნორმები, რაც ინფექციურ კონტროლს უკავშირდება, ეს ცალკე საკითხია.

“როდესაც ინტენსიური მოვლის თემებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ვსაუბრობთ რეანიმაციულ განყოფილებაზე. ჩვენი კანონი ლიცენზიების და ნებართვების შესახებ ამბობს ესეთ რაღაცას, რომ სახელმწიფოს ნებართვით და ლიცენზიით, რითაც სტაციონარების მუშაობა რეგულირდება, ძირითადი მიზანი და პრინციპი არის ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა. ინფექციური კონტროლის ღონისძიებები ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის ხშირად გადამწყვეტი შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლისთვის. როდესაც ბავშვზეა საუბარი, ამ საკითხს განსაკუთრებით ფაქიზად უნდა მოვეკიდოთ. რეანიმაციაში და ინტენსიური რეანიმაციის განყოფილებაში მოხვედრილი ბავშვი, წარმოიდგინეთ როგორი მძიმე მდგომარეობაშია, მისი იმუნური სისტემა დაქვეითებულია. ყოველი შემსვლელი პოტენციური რისკის მატარებელია. ჩვენი კანონმდებლობა არ კრძალავს მნახველის შესვლას ბავშვთან, მაგრამ რამდენად უზრუნველყოფილი იქნება ასეთ გარემოში მისთვის უსაფრთხოების ნორმები, რაც ინფექციურ კონტროლს უკავშირდება, ეს ცალკე საკითხია“- აღნიშნა დარახველიძემ.

ის ასევე ამბობს, რომ კონკრეტულმა დაწესებულებებმა თავისი ორგანიზაციული შინაგანაწესით უნდა დაარეგულირონ ისე, რომ ინფექციური კონტროლის ღონისძიებები იმით კი არ მოაგვარონ, რომ ბავშვი და მშობელი განაცალკევონ, არამედ სხვა ღინისძიებების გატარებით, რომელიც ამ პირობას არ შეზღუდავს, მაგრამ ამავდროულად ინფექციების და სხვა საშიშროების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.

„რაიმე საგანგებო ქმედებების განხორციელების აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, მაგრამ შესაძლებელია ამ თემაზე იმ ორგანიზაციებთან ვილაპარაკოთ“- განაცხადა დარახველიძემ.

იაშვილის კლინიკაში კი ამბობენ, რომ მშობლებს როცა მოესურვებათ პალატაში შედიან და გამოდიან, თუმცა იქ ვერ „ცხოვრობენ“, ინტენსიური ზრუნვის პალატაში(რეანიმაცია) პაციენტები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე შესვლა არ შეიძლება.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....