საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ბრავო ასეული ავღანეთში მიემგზავრება. გაცილების ცერემონია ვაზიანში დღეს გაიმართა. გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიის შესასრულებლად ბრავო ასეული ალფა ასეულს ჩაანაცვლებს. სამხედროებმა მოსამზადებელი კურსები გერმანიაში გაიარეს. ასეული თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა გააცილეს.
„მორიგი როტაცია გვაქვს იანვარ-თებერვლის განმავლობაში. ჩვენი სამხედროების ეს კონკრეტული ასეული მაზარ-ი-შარიფში მიემგზავრება. სამხედროებს წარმატება მინდა ვუსურვო და რაც ყველაზე მთავარია, მშვიდობით დაბრუნება. ისევე ამაყად ეტარებინოთ საქართველოს დროშა, როგორც ყველა იმ კონტინგენტს, რომელიც მანამდე იმყოფებოდა მისიებში საქართველოს სახელით. ეს ბიჭები არიან ჩვენი მთავარი იმედი, ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მისიაც ისეთივე წარმატებული და საამაყო იქნება, როგორც ყველა მათი წინამორბედის“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა.