ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ჟურნალისტი თამაზ თამაზაშვილს და გიორგი მოსიაშვილს წამლის “ბარიგობაში” ადანაშაულებს

მოსიაშვილი აცხადებს, რომ განცხადებას ამზადებს და ჟურნალისტს პასუხისგება მოუწევს

პირველი არხის ჟურნალისტი რომან  ქევხიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს სტატუსს, სადაც კახა კუკავას პარტიის ყოფილ წევრ „თავისუფალ საქართველოს“ წევრ გიორგი მოსიაშვილს ბრალს სდებს ნარკოტიკების „ბარიგობაში“ და კახეთის რეგიონში ჩატარებული ტენდერების უკანონო მოგებაში.

„ია ანთაძის მძღოლს, ახლა უკვე კახეთის გუბერნატორის ხელისბიჭს, გიორგი მოსიაშვილს თუ დაავიწყდა, 15  წლის წინ პანკისში, თამაზაშვილის წამლის ბარიგების აღმწერი რომ იყო, მე არ დამვიწყებია“. (სტილი დაცულია)

„მეტრონომი“ დაუკავშირდა ჟურნალისტ რომან ქევხიშვილს. მან ჩვენთან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ის ბრალდებები, რაც სოციალურ ქსელში გაავრცელა არის სიმართლე და მეტის თქმას ამ ეტაპზე, არ აპირებს.

ქევხიშვილისგან განსხვავებით, საკამოად ვრცლად ისაუბრა გიორგი მოსიაშვილმა.

„ამ ეტაპზე ოფიციალური თანმდებობა არ მიკავია. 2014 წლამდე ვმუშაობდი თელავის მუნიციპალიტეტში. თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ ქალაქი გახდა ცალკე. მოხდა რეორგანიზაცია, რის შემდეგაც სამასხურში აღარ ამიყვანეს და დღეს უმუშევარი ვარ. რაც შეეხება ნარკოტიკებს, ძალიან სამწუხაროა, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლობის ჟურნალისტი ასეთ ცილისწამებლურ ბრალდებებს ავრცელებს. ამაზე მას პასუხისგება მოუწევს. მინიმუმ, მე უნდა მივმართო მზად მაქვს განცხადება, რომლითაც მივმართავ პირველი არხის დირექტორს, რომ რამდენად ჯდება ჟურნალისტის ეთიკის ნორმებში მსგავსი უზნეო და ცილისმწამებლური ბრალდებები გავრცელება“. – აცხადებს მოსიაშვილი.

ის უარყოფს ყოფილი პრემიერ-მინისტრის სიმამრთან თამაზ თამაზაშვილთან რაიმე კავშირს. ქევხიშვილის განცხადებით, მოსიაშვილი თამაზაშვილის  უკანონო დავალებებს ასრულებდა პანკისის ხეობაში.

„მე თამაზ თამაზაშვილის პერიოდში პოლიციაში არ მიმუშავია, ეს მტკნარი სიცრუეა. პოლიციაში მუშაობა 2002 წელს დავიწყე და თამაზაშვილი, თუ არ ვცდები, პოლიციაში 2000 წლამდე მუშაობდა“. – ამბობს მოსიაშვილი.

ქევხიშვილი უკანონოდ ჩატარებულ ტენდერებზეც საუბრობს. მისი მტკიცებით, მოსიაშვილი უკანონოს იგებს ტენდერებს კახეთში.

„ჩემს ნათესავს, რომელსაც 10 წელზე მეტია  სამშენებლო-სარემონტო კომპანია აქვს, ეს კომპანია სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. ჩვენ ერთად ვმუშაობთ. შემიძლია ელექტრონული ტენდერები გამოგიგზავნოთ, სადაც აბსოლუტურად ყველა ტენდერში ვაჭრობის შედეგად არის დაფიქსირებული გამარჯვება. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, 20 ტენდერიდან მხოლოდ 4-ში ვართ გამარჯვებული“. – აცხადებს მოსიაშვილი.

ქევხიშვილს სოციალურ ქსეშივე ეხმაურება თელავის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი.

„მეტრონომი“ მასაც ესაუბრა. შათირიშვილი მიიჩნევს, რომ სამარცხვინოა, როცა პირველი არხის ჟურნალისტი მსგავსი სახის დაუსაბუთებელ ბრალდებებს ავრცელებს.

„ქევხიშვილმა ძალიან კარგად იცის, წელს რომ ტენდერები ჩატარდა თელავში, ასეთი ტენდერები არასოდეს ყოფილა და ალბათ მას ნოსტალგია აქვს იმ პერიოდის, როცა თვითონ და მისი მეგობრები უკანონოდ ატარებდნენ ამ ტენდერებს“. – აცხადებს შათირიშვილი.

თელავის გამგებლის თქმით, მას თამაზაშვლი-მოსიაშვილის „თანამშრომლობაზე“ არაფერი იცის, უფრო მეტიც, მოსიაშვილს შორიდან იცნობს.

საინტერესო იქნებოდა თავად ჟურნალისტ  ქევხიშვილის პასუხები კონტრბრალდებებზე, რომელიც მისი მისამართით ჩვენმა რესპოდენტებმა გააჟღერეს. სამწუხაროდ, ქევხიშვილმა „მეტრონომს“ კომენტარზე უარი უთხრა.

 

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....