პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია, ჩანაწერებთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს და მოქალაქეებს, რომლებსაც უკანონოდ უსმენდნენ, თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
“ამ ფარულ ჩანაწერებში აღმოჩენილი ჩემთან დაკავშირებული ფაქტები აბსოლუტურად ყველა შეესაბამება რეალობას. ეს ყველა ჩანაწერი უკავშირდება ჩემი და ჩემი გუნდის საპროტესტო საქმიანობას 2019 წლიდან. ეს მოულოდნელი არ არის, თუმცა ამ თავხედობის ამ მასშტაბით ჩვენება და “ქართული ოცნების” რეაქცია, რომ ეს არის ნორმალური, საჭიროებს აუცილებლად ჩვენი საზოგადოებიდან რეაგირებას.
არ ვაპირებ კომენტარები ვაკეთო ამ ჩანაწერების შინაარსზე, მაგრამ ვაპირებ ამ უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას და მოვუწოდებ ყველა ჩვენ მეგობარს, საქართველოს მოქალაქეებს, რომ ყველამ ერთად დავიწყოთ სამართლებრივი პროცესი, რომელიც საბოლოო ჯამში მივა სტრასბურგამდე და ჩვენ შევქმნით მნიშვნელოვან პრეცედენტს, რომ საქართველოს მოსახლეობა არ ეგუება ჩაწერებს და არ შეეგუება არცერთ ეტაპზე.
არ მაქვს ილუზია, რომ საქართველოში ამ სამართლებრივ ბრძოლას ექნება აზრი, მაგრამ ეს იქნება პროტესტის ძალიან დიდი აქტი. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები იურისტების, ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, რომ ფიქრობენ გასაჩივრებაზე და ყველას მივმართავ, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. გავაკეთოთ კოორდინირებული აქტი პროტესტის, რომელიც წერტილს დაუსვამს საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან მსგავს ბოროტებას”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს ინტერნეტ სივრცეში სავარუდოდ, სუს-ის მიერ ჩაწერილი ფარული ჩანაწერები გავრცელდა.