ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ იმედის წინააღმდეგ ენმ-სა და ევროპული საქართველოს სარჩელები დააკმაყოფილა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ პოლიტიკური გაერთიანებების „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საჩივრები დააკმაყოფილა და „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ დარღვევისთვის მაუწყებელს ორი სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

„ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ უფასო წინასაარჩევნო რეკლამა ტელეკომპანიამ ეთერში სიძულვილის ენის ტირაჟირების მიზეზით არ განათავსა. „ტელეიმედი“ აღნიშნავს, რომ წარდგენილი ვიდეო-რგოლი შეიცავს შეურაცხყოფისა და დაცინვის შემცველ ტექსტს, მისი შინაარსი კი არაეთიკური და არაკეთილსინდისიერია, რაც წარმოადგენს არასათანადო რეკლამას, რომლის განთავსებაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ უფასო პოლიტიკურ რეკლამას, ტელეკომპანიის განცხადებით მათ ეთერში ვერ განთავსდება ვიდეო-რგოლი, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, აქეზებს და ახალისებს დანაშაულს, ასევე მიმართულია არეულობის და ანტისოციალური ქმედების გამოწვევისაკენ.

კომუნიკაციების კომისიამ წარდგენილი პოლიტიკური რეკლამები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს (2021 წლის 25 მარტის განჩინება #ბს-1168(კ-20)) მიერ პოლიტიკური რეკლამისთვის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შეისწავლა და დაადგინა, რომ რეკლამების შინაარსი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს, რომლებიც ასახულია შესაბამის კანონმდებლობაში. სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით, პოლიტიკური რეკლამა ხელს არ უნდა უწყობდეს შუღლის გაღვივებას, არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ხელისუფლების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ მოწოდებას, რელიგიური ან ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას, პორნოგრაფიას, უხამსობას, რომელიც ლახავს ადამიანის ღირსებას და ძირითად უფლებებს.

კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით იხელმძღვანელა და მიიჩნია, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ ორივე შემთხვევაში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დაარღვია. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა პოლიტიკური გაერთიანებების საჩივრები და მიიღო გადაწყვეტილება „ტელეიმედის“ მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენის შესახებ. სამართალდარღვევის ოქმები განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნება.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედის“ წინააღმდეგ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი 12 სექტემბერსაც დააკმაყოფილა და მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. სასამართლომ გაიზიარა კომუნიკაციების კომისიის პოზიცია და მაუწყებელი 5000 ლარით დააჯარიმა.

იტვირთბა....