“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია” ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას მიმართავს
რადიო “თბილისში” ტელეარხ „25“-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გია სურმანიძემ განაცხადა, რომ არხის მენეჯმენტი გათავისუფლებულ თანამშრომლებს ერთი თვის კომპენსაციას გადაუხდის. მისი აზრით, თანამშრომლების გათავისუფლება კანონიერად მოხდა და ის მზად არის მათთან სამართლებრივი დავისთვის.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “25“-დან ამ დროისთვის საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელია გათავისუფლებული. მათ შორისაა საინფორმაციოს სამსახურის ხელმძღვანელი მაია მერკვილაძე, თოქ-შოუ “დიალოგის” ავტორი და წამყვანი ჯაბა ანანიძე, ამავე გადაცემის პროდიუსერი ირმა ზოიძე და ახალი ამბების წამყვანი ნინო ხელაძე. როგორც ტელევიზიის დირექცია აცხადებს, თანამშრომლებს შორის კონფლიქტისა და სიტუაციის უმართაობის მიზეზით მოხდა კადრების გაცხრილვა.
საინფორმაციოს ყოფილი ხელმძღვანელი მაია მერკვილაძე სარჩელს ამზადებს ტელეარხ „25“-ის მფლობელების წინააღმდეგ. მან როგორც მან “მეტრონომს” უთხრა, გაუგებარია დირექციის გადაწყვეტილება და პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით გათავისუფლება იკვეთება.
შეგახსენებთ, გუშინ, “მეტრონომი” დაუკავშირდა “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელ ასოციაციას”, რომელიც ამ ეტაპზე, ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს მედია-პროფკავშირების რეგიონალურ პროექტს საქართველოში. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, ისინი ამ ეტაპზე შეისწავლიან არსებულ სიტუაციას და გააკეთებენ დასკვნას, რომელიც გაიგზავნება ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციაში, ბელგიაში.
ასოციაციის ხელმძღვანელობა მოუწოდებს ტელეკომპანიის ხელმძღვანელებს სასწრაფოდ დაიწყონ მოლაპარაკებები ჟურნალისტებთან და ამავე დროს, უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ საკონტრაქტო პირობები, რომელშიც ასახული იქნება ორივე მხარის თანაბარი ინტერესები.