ახალი ამბები პოლიტიკა

გახარია: ოცნების ბოსების მიერ ჩემს ნარკოტესტზე მზადდებოდა პროვოკაცია, ევროპაში შევემოწმები

პარტია საქართველოსთვის ლიდერის და თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, მის ნარკოტესტთან დაკავშირებით ქართული ოცნების ლიდერები გარკვეულ პროვოკაციას გეგმავდნენ, რის გამოც,  მან ტესტის ჩაბარება ევროპის ლაბორატორიაში გადაწყვიტა.

მისივე თქმით, ანალიზის პასუხი 2 კვირაში იქნება ცნობილი და ის საჯარო იქნება.

“ხდება სახელმწიფო მექანიზმის, სუს-ის პირველ რიგში მუშაობა და დალექვა რეგიონებში ინფორმაციას, თურმე გახარიას შესაძლო ნარკომოხმარებასთან დაკავშირებით. ეს არის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, პირდაპირ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა ოცნების ბოსების მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გამეკეთებინა მე.

იმისთვის, რომ არავის მივცეთ შესაძლებლობა სპეკულაციებისთვის, მე არ ჩავაბარებ ამ ტესტს აქ, კომერციულ ლაბორატორიებში, არამედ გადავდგამთ იმ ნაბიჯს, დავკარგავთ ერთ დღეს საარჩევნო კამპანიისთვის და გავფრინდებით ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებ თმის ანალიზსს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი და დროში ინახავს მონაცემებს. ანალიზის პასუხი იქნება 2 კვირაში და პასუხი იქნება საჯარო”, – განაცხადა გიორგი გახარიამ გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, ქართული ოცნების კანდიდატმა, კახა კალაძემ ნარკოტესტი 6 სექტემბერს ჩააბარა და განაცხადა, რომ “სუფთაა”.

იტვირთბა....