საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვნის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის და მუქარის ფაქტზე, მ.ნ.-ს ბრალდება წარუდგინა – ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ნ. 2021 წლის ივნისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, სისტემატურად ლახავდა არასრულწლოვნის პატივსა და ღირსებას. ასევე, მეგობრების, ოჯახის წევრების და უცხო ადამიანების თანდასწრებით ამცირებდა და ოჯახის წევრების დაკავებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
“მ.ნ.-ს მიერ განხორციელებული ქმედებების გამო, არასრულწლოვანმა, 10 სექტემბერს თვითმკვლელობა სცადა.
სამართალდამცველებმა მ.ნ. 10 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) და 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (მუქარა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, -აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.