11 სექტემბრის ტერაქტიდან 20 წელი გავიდა – ამ დღეს ტერორისტული ორგანიზაცია ალ კაიდას
11 სექტემბრის ტერაქტებიდან 20 წელი გავიდა. 9/11-ის თავდასხმები ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ყველაზე მომაკვდინებელი ტერაქტების სახელით შევიდა.
2001 წლის 11 სექტემბერის დილას, „ალ-ქაიდას“ 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთ-ერთმა მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა, მეორე პენტაგონის შენობას დაეცა, დანარჩენი ორი – ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა.
ორივე შენობაში შეჯახების წერტილის მაღლა მყოფ ხალხს გასაქცევი გზა არ დარჩა. ყველაფერს ართულებდა ხანძარი. ამიტომაც, 200-მდე ადამიანი მრავალსართულიანი ცათამბჯენის ფანჯრებიდან გადმოხტა. ქვედა სართულზე მყოფთა დიდმა ნაწილმა კი ევაკუაცია შეძლო.
მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სამხრეთ ცათამბჯენი 09:59-ზე, 56-წუთიანი ხანძრის შემდეგ ჩამოინგრა. ნახევარ საათში, 10:28-ზე კი ჩამოიშალა ჩრდილოეთ ცათამბჯენი, ტერორისტების პირველი სამიზნე. ორი ნაგებობის ნგრევამ დააზიანა შედარებით პატარა, შვიდი მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის შენობაც და ისიც განადგურდა, 17:21-ზე.
ოთხივე თვითმფრინავის მგზავრები, ეკიპაჟი და ტერორისტები დაიღუპნენ. ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტები მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის, ოსამა ბინ ლადენის მიერ იყო ორგანიზებული.
ალ-ქაიდას ტერორისტების თავდასხმას, რომელიც რამდენიმე წელი იგეგმებოდა, 2 977 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.