ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის, მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ამით მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე კი დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
მურსაკულოვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა.
დანაშაული 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.