შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლაგოდეხში, მარნეულში, რუსთავსა და ბათუმში 21 პირი დააკავა , მათ შორის 18 – ნარკორეალიზაციისთვის.
სამართალდამცველებმა მათგან, საკონტროლოდ, რამდენჯერმე შეისყიდეს ნარკოტიკული საშუალება და ფაქტი ფარულად გადაიღეს. პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
მათი ბინების ჩხრეკისას, საცხოვრებელი სახლებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფულადი თანხა ამოიღეს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
პოლიციის მიერ დაკავებული 3 პირი სოციალურ ქსელში არსებული ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის კურიერები იყვნენ. ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე, უკანონო რეალიზაციის მიზნით ათავსებდნენ და ასაღებდნენ” , – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნარკოდანაშაულის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.