ანასტასია გონჩაროვა ახლა უკვე კახა ბენდუქიძის ოფიციალური მემკვიდრეა. 2015 წლის 30 დეკემბერს მან ბოლო სასამართლო პროცესი მოიგო. როგორ გეგმავს მამის საქმიანობის გაგრძელებას, რა სახის ცვლილებების განხორციელებას აპირებს თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში, ამ და სხვა საკითხებზე ანასტასია „ობზერვერს“ ესაუბრა.
ჩემი პირველი შეკითხვა, რა თქმა უნდა, შეეხება, სასამართლო პროცესს: მინდა გკითხოთ, დასრულდა თუ არა დავა?
დიახ, როგორც იქნა! ეს ძალიან დამღლელი პროცესი იყო ერთსა და იმავე დროს ჩვენ გვქონდა სასამართლო პროცესები ინგლისში, საქართველოსა და რუსეთში. ამასთანავე, პირადად ჩემთვის რაღაც უცნაური დრო იყო, დარწმუნებული ვიყავი ჩემს სიმართლეში. მე კახას ვგავარ და ყველამ იცოდა, რომ მისი ქალიშვილი ვარ. თუმცა ამის დასამტკიცებლად მაინც დამჭირდა გარკვეული ოფიციალური დოკუმენტები. 30 დეკემბერს საქართველოს სასამართლომ საბოლოოდ მაღიარა კახა ბენდუქიძის ქალიშვილად, რაც გასული რთული წლის ძალიან კარგი დასასრული იყო. ახლა უკვე შესაძლებლობა მექნება თავისუფლად ჩავერთო მამაჩემის მიერ დაარსებული თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების საქმიანობაში.
ფლობთ თუ არა წილს უნივერსიტეტებში?
არა, უნივერსიტეტები ჩამოყალიბდა მამაჩემის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაციის „ცოდნის ფონდის“ მეშვეობით, ახლა მხოლოდ დამფუძნებლის კანონიერი მემკვიდრე ვარ.
ზუსტად რის გაკეთებას გეგმავთ თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში?
ჩემი უპირველესი ამოცანაა დავეხმარო უნივერსიტეტებს და ვასახელო მამაჩემი. მე დავამთავრე ლონდონის „კინგს კოლეჯი“ (King’s College of London), რომელიც მსოფლიოს პირველ საუკეთესო ოცეულშია, შესაბამისად, სურვილი გამიჩნდა თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში ის იდეები განვახორციელო, რაც საჭიროდ დავინახე. მინდა გავაძლიერო ის საერთაშორისო კავშირები, რაც უკვე აქვს უნივერსიტეტს, ასევე, შევქმნა გაცვლითი პროგრამები და კურსები სხვადასხვა ენებზე. ჩვენი მიზანია განვახორციელოთ არა მხოლოდ მამაჩემის მიერ დაწყებული პროექტები, არამედ შევქმნათ ინოვაციური პროგრამები. მაგალითად, კახამ ნულიდან დაიწყო კულინარიის აკადემიის ჩამოყალიბება, რაც სასოფლო უნივერსიტეტის სასწავლო გეგმაში არასდროს ყოფილა. ახლა ის სტუდენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული კურსია. თუ კულინარიის კურსებზე დარეგისტრირებას აპირებთ, მომდევნო რეგისტრაცია ხელმისაწვდომი მხოლოდ 2016 წლის შემოდგომისთვისაა! ვინაიდან, მე თავად ვმუშაობ ონლაინ მარკეტინგის სფეროში, სურვილი მაქვს ვიხილო ონლაინ მარკეტინგის სკოლა, რომელიც ასწავლის რეკლამირებას, გრაფიკას, ვებ-დიზაინსა და ა.შ.
აღნიშნეთ, რომ მუშაობთ ონლაინ მარკეტინგის სფეროში, კონკრეტულად რისი გაკეთება გიწევთ?
ამჟამად ვმუშაობ სოციალური მედია-მარკეტინგის კომპანიაში „სოციალშარკს“ (Socialsharks), ჩვენ ვაკეთებთ ონლაინ რეკლამას და პოპულარიზაციას ვუწევთ სხვადასხვა ბრენდებს სოციალურ მედიაში. ვმუშაობთ ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა „ნაბეღლავი“, „ზუმერი“, „სვის კაპიტალი“, „რუსთავი 2“ და სხვა განვითარებადი ფირმები. იქედან გამომდინარე, რომ ქართულ ენას ჯერ სრულყოფილად ვერ ვფლობ, მუშაობა ძირითადად საერთაშორისო მომხმარებლებთან მიწევს. საბედნიეროდ, სააგენტო „Socialsharks” ჩეხეთის რესპუბლიკაშია დაარსებული, შესაბამისად, ბევრი ისეთი პროექტია, რომელზე მუშაობაც თავისუფლად შემიძლია.
ვგეგმავთ ჩვენი საქმიანობის გაფართოებასაც, აზერბაიჯანისა და უკრაინის ბაზრების ათვისებას, ვინაიდან ონლაინ სერვისების განსავითარებლად აქაც დიდი პოტენციალია.
ანუ საქართველოში ონლაინ მარკეტინგის სფეროში დარჩენას აპირებთ?
ვფიქრობ, საქართველოსთვის ონლაინ სერვისების განვითარების თვალსაზრისით კარგი პერიოდია. თუმცა ამჟამად ჩემთვის უფრო საინტერესო უნივერსიტეტებია და სურვილი მაქვს მათ საქმიანობაში ბოლომდე ჩავერთო. საბოლოოდ, ეს შეიძლება გამოვიდეს ონლაინ მარკეტინგისა და უნივერსიტეტებში საქმიანობის კომბინაცია. მაგალითად, 2 თვის წინ ჩემმა უფროსმა სოციალური მედიის სააგენტო „Socialsharks”-დან თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში ლექციები ჩაატარა, რასაც დიდი გამოხმაურება და დაინტერესება მოჰყვა. ახლა უკვე ვფიქრობთ შევქმნათ ონლაინ მარკეტინგის კურსი ან ლექციების სერია, რომელიც მიეძღვნება ონლაინ ინიციატივებს. ეს ახალი და საინტერესო სფეროა საქართველოში, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას.
სამწუხაროდ, საქართველოში ინტერნეტით ონლაინ ნივთების შეძენა (ე.წ. შოპინგი) პოპულარული არაა, მომხმარებელს ჯერ ისევ აქვს ნდობის პრობლემა. თუმცა ვფიქრობ, ეს დარგი იმდენად სწრაფად ვითარდება, 2-3 წელიწადში საქართველოში ელექტრონული ვაჭრობა სრულიად განვითარდება. რა ბიზნესიც არ უნდა გქონდეს- გაყინული საკვებით ვაჭრობისა თუ დასუფთავების კომპანიის, შეგიძლია, მისი პოპულარიზაცია ინტერნეტით მოახდინო და მიიღო მოგება ინვესტიციიდან, ასე რომ, ჩემი აზრით, ბიზნესის სფეროში მოღვაწე ხალხს წარმატების მისაღწევად ამ მიმართულებით განათლება ნამდვილად სჭირდება.
უნდა აღინიშნოს, რომ ონლაინ მარკეტინგის დარგი ძალიან რთულია სასწავლებლად, რადგან მუდმივად ინფორმირებული უნდა იყო ციფრულ სამყაროში მიმდინარე სიახლეების შესახებ. აღნიშნულ დარგში მოვლენები ისე სწრაფად იცვლება, რაც დღეს ახალია, ხვალ ის შეიძლება უკვე ძალიან ძველი აღმოჩნდეს. როცა მე ნიუ იორკის უნივერსიტეტში ონლაინ მარკეტინგის კურსი გავიარე, ყველა ჩემი პროფესორი იყო დარგის სპეციალისტი და არა უბრალოდ ლექტორი. თუ უახლეს პრაქტიკას არ ფლობ, თითქმის ყველაფერი, რასაც ასწავლი დრომოჭმული და ბიზნესისთვის უსარგებლო გახდება.
რადგანაც განათლების პრობლემებზე ვსაუბრობთ, რა სირთულეებს ხედავთ საქართველოს განათლების სისტემაში?
საქართველოში მხოლოდ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების შესახებ ვფლობ ინფორმაციას, შესაბამისად, ჩემთვის რთულია განვსაჯო და შევადარო ზოგადი სიტუაცია ქვეყნის სხვა უნივერსიტეტებში. შესაძლოა, მთლიანობაში ქართული უნივერსიტეტები სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მსგავსია. თუ ეს ასეა, ვფიქრობ, საქართველოს განათლების სისტემა უფრო მეტად ორიენტირებული უნდა გახდეს მიზანშეწონილ პრაქტიკაზე, სწავლება უნდა იყოს უფრო ხელშესახები. მაგალითად, როგორ დავიწყოთ ბიზნესი, რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ეს ბიზნესი, ან თუნდაც უკვე არსებული ბიზნესის რეალური შემთხვევების ანალიზი და კომპანიებისთვის სტრატეგიების შექმნა მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება ბიზნესის სწავლის კუთხით. მამაჩემი ყოველთვის ამბობდა, „თუ გინდა ბიზნესის კეთება ისწავლო, საკუთარი ბიზნესი უნდა დაიწყო და შემდეგ გზადაგზა ყველაფერს ისწავლი“. რა თქმა უნდა, ყველა ასეთი რისკის გამწევი არაა, ასევე საჭიროა თავდაპირველად საბაზისო ცოდნის შეძენაც. მთლიანობაში, მინდა საქართველოს განათლების სისტემა უფრო პრაქტიკაზე ორიენტირებული იყოს, ვიდრე მხოლოდ თეორიაზე. შედეგად კი, კურსდამთავრებულნი უფრო მეტად ადაპტირებულნი იქნებიან რეალურ სამყაროსთან, რაც მათი მომავალი საქმიანობის წარმატების ერთ-ერთი საწინდარი გახდება.
აპირებთ თუ არა ქართულ პოლიტიკაში მოსვლას?
ამჟამად ნამდვილად არა. თავდაპირველად ქართული ენა უნდა ვისწავლო, რომელიც საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩემთვის მაშინ, როცა უკვე 4 ენაზე ვლაპარაკობ! ამის შემდეგ ვნახოთ. როგორც საქართველოს მოქალაქეს, მინდა, რომ ქვეყანა წარმატებული იყოს. მამაჩემს სჯეროდა, რომ განათლება საუკეთესო გზაა სახელმწიფოს შესაცვლელად- ძნელია, შეცვალო ხალხის მენტალიტეტი, როცა უკვე ჩამოყალიბებული აზრი აქვთ. თუმცა განათლების მეშვეობით შესაძლებელია ახალი ჰორიზონტებისა და თავისუფლად მოაზროვნე თაობის ჩამოყალიბება.
შესაძლოა, პოლიტიკა ხელსაყრელი იარაღია ქვეყნის შესაცვლელად?
დიახ, მხოლოდ განათლება საკმარისი არ არის. პოლიტიკა იარაღია, რომლიც შეიძლება გამოიყენო განვითარებისა და ცვლილებებისთვის უფრო ფართო მასშტაბებით, ამ წუთას ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული შემიძლია თუ არა ამის გაკეთება.
მახსოვს 2011 წლის დეკემბერში, მოსკოვში გამართულ ერთ-ერთ პირველ საპროტესტო აქციაზე წავედი, რომელიც დუმის გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ იყო მიმართული. ისეთი გაბრაზებული ვიყავი არჩევნების შედეგებით, საკუთარი ნებით მივედი, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღის აქციებში მონაწილეები პოლიციელებმა დააკავეს. არჩევნების შედეგები არსებული მთავრობის სასიკეთოდ მეტყველებდა. მაშინ ატირებულმა დავურეკე მამაჩემს, ვიცოდი, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, გვქონდა ონლაინ გამოკითხვის შედეგები, ეს ყველაფერი ფარსი და უსამართლობა იყო. მახსოვს, მან ყურადღებით მომისმინა და შემდეგ მითხრა, „მინდა დარწმუნებით გითხრა, რომ შენ პოლიტიკაში არასდროს წახვალ“. ეს ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო, ტირილი შევწყვიტე და ვკითხე რატომ. მან მიპასუხა, რომ ზედმეტად ვნერვიულობდი და განვიცდიდი და შემახსენა ოტო ფონ ბისმარკის სიტყვები, „პოლიტიკა სოსისივითაა, უმჯობესია არ უყურო მისი დამზადების პროცესს“. ვერ ვიტყვი ემოციურად რამდენად შევესაბამები პოლიტიკას, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ამის დრო არაა.
იზიარებთ თუ არა მამის პოლიტიკურ ხედვას?
ვფიქრობ, მამაჩემის პოლიტიკური ფილოსოფია ძალიან მარტივი იყო- ხალხი უნდა იყოს თავისუფალი რამდენადაც ეს შესაძლებელია, ამიტომ ძნელია მას არ დავეთანხმო. მას სჯეროდა, რომ მთავრობა ბიზნესში ნაკლებად ჩართული უნდა ყოფილიყო, რაც გულისხმობს ნაკლებ გადასახადებსა და რეგულაციებს. ბიზნესში აკრძალვები ან საერთოდ არ უნდა იყოს ან ძალიან ცოტა. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში ალკოჰოლის გაყიდვა 23:00-დან იკრძალება. ეხმარება თუ არა ეს ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლას? არა, მომხმარებელი წინასწარ ყიდულობს მას. ქმნის თუ არა ეს ბიზნესში პრობლემას? დიახ, რადგან ეს იწვევს შავი ბაზრის გაჩენას, კანონმორჩილი ბიზნესმენები კი თავიანთ კლიენტებს კარგავენ. ძალიან ბევრი უსარგებლო რეგულაციაა, რასაც უფრო მეტად ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი. მამაჩემი ფიქრობდა, რომ ნაკლები რეგულაციები უკეთესია და მე მთლიანად ვეთანხმები მის აზრს. მამაჩემის მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმების შედეგად, რომელმაც ხელი შეუწყო ქართული ეკონომიკის განვითარებასა და გონივრული კანონმდებლობის შემოღებას, საქართველომ 2003 წლის სტაგნაციიდან უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა წინ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული ეკონომიკური რეფორმების შედეგების შენარჩუნება.
გასულ თვეში კიევში ვიმყოფებოდი „ბენდუქიძის თავისუფალი მარკეტ ცენტრი“-ის გახსნაზე. ეს ორგანიზაცია ბიუროკრატიული ბარიერებისა და უსარგებლო რეგულაციების არიდების გზით ხელს უწყობს უკრაინის ეკონომიკას, მიაღწიოს ლიბერალიზაციას. ვფიქრობ, ეს მშვენიერი იდეაა, რომელიც არა მხოლოდ მამაჩემის მემკვიდრეობას აგრძელებს, არამედ მთელ ქვეყანას ეკონომიკური თავისუფლების მიღწევაში ეხმარება.
როგორ შეაფასებდით საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ მდგომარეობას?
ჩემი აზრით, ახლანდელი მთავრობა სწორი პრიორიტეტების განსაზღვრაში მოიკოჭლებს. მაგალითად, ვფიქრობ, გზები ძალიან მნიშვნელოვანია თბილისისა და მთელი ქვეყნისთვის, რადგან ის ტურისტული ქვეყანა ხდება- საქართველო დასახელდა „სი ენ ენის“ (CNN) მიერ რეკომენდირებულ ქვეყნებს შორის, რომელსაც უნდა ეწვიოთ 2016 წელს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რას იფიქრებენ ტურისტები, როდესაც თბილისის აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრებიან? ჩემი აზრით, არსებული გზები სტანდარტებთან შეუსაბამოა. მე მიყვარს თბილისი, მაგრამ მინდა ისეთ ქალაქში ვიცხოვრო, სადაც გარეთ გავალ და გზებზე სიარულით ფეხებს არ მოვიმტვრევ.
ასევე, ძალიან დათრგუნული ვარ 13 ივნისის გამო- მტკიცედ მჯერა, რომ წყალდიდობის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, ისევე, როგორც ხალხის სიცოცხლის გადარჩენა, მაგრამ არავითარი ზომები არ ყოფილა მიღებული. წყალდიდობა ერთ საათში არ მომხდარა, შესაძლებელი იყო ხალხის ევაკუაცია და მთავრობამ, რომელსაც ამის საშუალება ნამდვილად გააჩნდა, არაფერი გააკეთა მათ დასახმარებლად.
როცა თბილისში მოვდივარ და ვფიქრობ როდის მივიღო შხაპი ახლა თუ დილით, ყოველთვის ვამჯობინებ „ახლა“, რადგან სრულიად შესაძლებელია დილით ცხელი წყალი არ დამხვდეს, იგივეს თქმა შემიძლია ელექტროენერგიაზეც. ეს არაა ისეთი საქართველო, როგორიც მინდა რომ იყოს. მინდა საქართველო დიდი და წარმატებული ქვეყანა იყოს, სადაც სიამაყით მოვიწვევ ჩემს მეგობრებს მთელი მსოფლიოდან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქვეყანას ძალიან ბევრი აქვს შესათავაზებლად- ულამაზესი ბუნება, გემრიელი სამზარეულო და საყვარელი ხალხი, სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს პატარ-პატარა შეცდომები საქართველოს პოტენციალს ანადგურებს.
თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს მთავრობის სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტები?
გზებთან ერთად, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია გვქონდეს სტაბილური ეკონომიკური ზრდა. იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ეკონომიკის ზრდას, საქართველოს ჭირდება ეკონომიკური რეფორმების გატარება, როგორებიცაა, მოგების გადასახადის გაუქმება, საშემოსავლო გადასახადის შემცირება, დღგ-ს შემცირება და ა.შ. ძირითადად, რაც უფრო ნაკლებია გადასახადები, მით მეტია ხალხის ჯიბის ფული.
ეკონომიკური მდგომარეობა სამწუხაროდ უარესდება- ლარის კურსი არამყარია. მთლიანობაში, ქართულ ეკონომიკას ჭირდება სახელმწიფო რეგულირების უფრო მეტად შეზღუდვა: გადასახადების შემცირება, გაცემული ლიცენზიების რაოდენობის შემცირება, კორუფციის წინაღმდეგ გაძლიერებული ბრძოლა, მთავრობის დანახარჯების შემცირება (ძალიან მნიშვნელოვანია თავიდან იქნეს აცილებული საჯარო მოხელეებისთვის დანამატებისა და პრემიების გაცემა). ეს რეფორმები გამოიწვევს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას (წინა წლების მსგავსად) და ქართული ეკონომიკის აყვავებას.
თამარ ჩაფიძე (observer.com.ge)