ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მედიაკოალიცია პოლიტიკურ პარტიებს მემორანდუმს სთავაზობს – განცხადება

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მონაწილეობას მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაგეგმილ სატელევიზიო დებატებში აპირებს, და ხელისუფლებას მოუწოდებს, სხვადასხვა ფორმატში მონაწილეობას დათანხმდნენ.

გარდა ამისა, კოალიცია არჩევნებში მონაწილე პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს სთავაზობს მემორანდუმის გაფორმებას, რომელზე ხელმოწერაც მოიცავს პასუხისმგებლობას, საარჩევნო პროცესები წარმართოს მშვიდობიან – არაძალადობრივ და არადისკრიმინაციულ გარემოში.

“ჩვენ, ხელმომწერი პირები,

პატივს ვცემთ საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული მოვლენებისა და თვალსაზრისების შესახებ.

ვცნობთ და ვაღიარებთ ამომრჩეველთა ინფორმირებულობის საჭიროებას და ამ ვალდებულებებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობას, რომელიც გულისხმობს წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატების გამართვის და მასში მონაწილეობის აუცილებლობას.

ვიაზრებთ, რომ საარჩევნო უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების სწორ და ზუსტ, მიუკერძოებელ და სამართლიან გაშუქებასთან.

მიუღებლად ვაცხადებთ მედიასთან ბოიკოტის რეჟიმს.

ვაღიარებთ წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატების ფორმატის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და თანხმობას ვაცხადებთ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის ვალდებულების შესრულებაზე. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, ქალთა მონაწილეობას და ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის, დებატებში ქალი კანდიდატების წარმოდგენას.

ვგმობთ, მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერ და ფიზიკურ თავდასხმას.

მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტებს, პოლიტიკური აქტივისტებს და მხარდამჭერებს პატივი სცენ მედიის პროფესიულ ვალდებულებას მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.

ვთანხმდებით, რომ საარჩევნო უფლების მიმართ მრავალმხრივი ვალდებულების ფარგლებში, მიუკერძოებელი და სამართლიანი გაშუქების სტანდარტის უზრუნველსაყოფად, მხარეები გამოიყენებენ მაუწყებელთა თვითრეგულირების ეფექტიან მექანიზმს ან/და მიმართავენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს”, – ვკითხულობთ კოალიცის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IDFI
  • ლიბერალური აკადემია თბილისი
  • მედიაკლუბი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • მედიის უფლებები
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • სატელევიზიო ქსელი
  • სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – ISFED
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია – GRMA
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • უფლებები საქართველო
  • ღია საზოგადოების ფონდი OSGF

 

იტვირთბა....