ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

“ბილაინი” “კავკასუს ონლაინს” ყიდულობს

 

„ბილაინმა“ „Caucasus Online“ იყიდა. როგორც „მეტრონომს“ სანდო წყარომ განუცხადა „ბილაინს“  „Caucasus Online”-ს შორის გარიგება დიდი ხნის წინ შედგა.

„მეტრონომს“ კომპანია „ბილაინში“ განუცხადეს, რომ ჯერ „კავკასუს ონლაინი“ არ უყიდიათ, თუმცა მარეგულირებელ კომისიაში განაცხადი შეტანილია.

„არაფერი მსგავსი არ არის, ჯერ მარეგულირებლისგან ველოდებით ნებართვას,  მაგის გარეშე ვერავინ ვერაფერს იყიდის“. – აცხადებს ნათია ღლონტი.

გავრცელებული ინფორმაციით, აქტიური მოლაპარაკებები თავდაპირველად „მაგთიკომსა“ და „სილქნეტთან“ მიმდინარეობდა. ამ უკანასკნელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განცხადება ჰქონდა შეტანილი, თუმცა კომისიამ განაცხადა, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია საკმარისი არ იყო.

„მეტრონომი“ მარეგულირებელი კომისიის პრესმდივანს, ხატია ყურაშვილს ესაუბრა.

„ხვალ იწყებს კომისია საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ იქნება მიღებული. კომისიას 13 ნოემბერს მიმართა განცხადებით ორივე კომპანიამ შ.პ.ს „ბილაინმა“ და შ.პ.ს „კავკასუს ონლაინმა“. შ.პ.ს „კავკასუს ონლაინის“ საოპერაციო აქტივის შეძენაზე. კომისიამ დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვა ორივე კომპანიისგან და ხვალ საჯაროდ იწყება ადმინისტრაციული წარმოება. გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არის სამი თვე და ამ ვადაში იქნება ამ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება“. – ამბობს ყურაშვილი.

მისივე თქმით, კომისია მსჯელობს და აძლევს წინასწარ თანხმობას, ამასთანავე გათვლას აკეთებს ამ ტრანზაქციით რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს ბაზარზე, ანუ შენარჩუნებული იქნება თუ არა კონკურენცია.

„იმ შემთხვევაში თუ კომისია მიიჩნევს, რომ კონკურენციის პირობები არ დაირღვევა და ჯანსაღი კონკურენცია დარჩება ბაზარზე აძლევს წინასწარ თანხმობას. „მაგთიკომის“ შემთხვევაში კომისიამ მიიჩნია, რომ ასეთი საფრთხეები არ არსებობს და ამიტომ მისცა წინასწარი თანხმობა, ახლა, უნდა შეისწავლოს „ბილაინის“ მიერ „კავკასუს ონლაინის“ საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაშიც კონკურენციის დონე თუ იქნება შენარჩუნებული“.

კომისიის მიერ გაცემული ე.წ. წინასწარ თანხმობას რაიმე იურიდიული ძალა არ გააჩნია და კომისიის „თანხმობის“ შემდეგ უკვე თავად კომპანიები წყვეტენ ვის მიყიდონ წილები. ანუ „კავკასუს ონლაინი“ გადაწყვეტს მიყიდოს თუ არა კომპანია „ბილაინს“.

„მეტრონომი“ „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელს რუსუდან კაპანაძეს ესაუბრა. კაპანაძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია.

„ამ ეტაპზე არანაირი კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. „მაგთიკომთან“ და „ბილაინთან“ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, თუმცა საბოოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია“. – აცხადებს კაპანაძე.

კომპანიის წარმომადგენლები ოფიციალურად არ ადასტურებენ „კავკასუს ონლაინის“ გაყიდვის ფაქტს, თუმცა „მეტრონომის“ წყარო იუწყება, რომ „ბილაინი“ კომისიის ოფიციალურ გადაწყვეტილებას ელოდება და სწორედ ამის შემდეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, რომ რუსულმა კომპანია „ბილაინმა“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე საქართველოს კომუნიკაციების ბაზარზე – „კავკასუს ონლაინი“ იყიდა.

მარიამ ვარადაშვილი

 

იტვირთბა....