ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

რა მოხდა “ტვ 25”-ში?! – “ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია” ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას მოუწოდებს

უსაფუძვლოდ გათავისუფლებული თანამშრომლები და პროკურატურასთან გარიგების მცდელობა?

ბათუმური “ტელეარხ 25”-ის ყველა თანამშრომელი, გარდა ფინანსური და ტექნიკური განყოფილებებისა, სამსახურიდან გათავისუფლებულია – გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიის დირექტორმა თანამშრომლებს წერილობით აცნობა. „სამსახურები ხელახლა დაკომლექტდება, როგორც ძველი, ასევე ახალი, კონკურსით შერჩეული კადრებით და საინფორმაციო გამოშვება ეთერს 11 იანვრიდან დაუბრუნდება“-ნათქვამია ტელეარხის ერთ-ერთი მფლობელის, გია სურმანიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ასევე, აღნიშნულია, რომ:

„მიმდინარე წლის 14 დეკემბერს “ტელეარხი 25”-ის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის მშობლის დაპატიმრებას, რის გამოც ტელეკომპანიის საინფორმაციოს ხელმძღვანელსა და ამ თანამშრომელს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. მომხდარი შელაპარაკების გამო, საინფორმაციოს ხელმძღვანელმა მაია მერკვილაძემ (რომელიც 18 წელია აღნიშნულ მედია-საშუალებაში მუშაობს და უკვე 8 წელია, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელია), დირექციისგან მოითხოვა აღნიშნული თანამშრომლის სამსახურიდან დაუყოვნებლივ განთავისუფლება, (რადგან მისი თქმით, მან საჯაროდ მიაყენა მას შეუარცხყოფა და შეეცადა უხეშად ჩარეულიყო სარედაქციო საქმიანობაში). დირექციის პასუხის შემდეგ, რომ ასე მყისიერად ვერ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას და უნდა მოხდეს საკითხის შესწავლა, მაია მერკვილაძემ გამიზნულად გააჩერა და ეთერში არ გაუშვა საინფორმაციო გამოშვება.

აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო მაია მერკვილაძის მიერ საინფორმაციოს გაჩერების, ან თანამშრომელთან დაპირისპირების პირველი შემთხვევა. მასთან დაპირისპირების გამო, არაერთმა თანამშრომელმა დატოვა სამსახური. ყოველივე ამის გამო, და იმისათვის, რომ მომხდარიყო სიტუაციის განმუხტვა, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ორივე თანამშრომელი, გარკვეული დროით, გაეშვა ანაზღაურებად შვებულებაში. შვებულებაში გაშვება, მაია მერკვილაძემ მიიღო შეურცხყოფად და მან, ტელეკომპანიის სამ თანამშრომელთან ერთად, დაიწყო ტელევიზიის დამფუძნებლებთან და ხელმძღვანელებთან აგრესიული დაპირისპირება, რის გამოც შეექმნათ კონფლიქტი არამარტო ხელმძღვანელებთან, არამედ ტელეკომპანიის დანარჩენ 35 თანამშრომელთანაც და ტელევიზიაში დაიწყო უმართავი პროცესი, რომელმაც უარყოფითად იმოქმედა ტელევიზიის რეიტინგზე და საერთოდ, კომპანიის მუშაობაზე. აქედან გამომდინარე, ტელეკომპანიის დირექციამ მიიღო გადაწყვეტილება, ტელევიზიის მუშაობის ეფექტურობის გაზრდისა და განახლების მიზნით, გარდა ფინანსური და ტექნიკური განყოფილებებისა, გაანთავისუფლოს ყველა თანამშრომელი და მოახდინოს სამსახურების ხელახალი დაკომლექტება, როგორც ძველი, ასევე ახალი, კონკურსით შერჩეული კადრებით. საინფორმაციო გამოშვება ეთერს 11 იანვრიდან დაუბრუნდება.“

“ტელეარხ 25” – ის მფლობელები, გია სურმანიძე და ჯემალ ვერძაძე კომენტარს არცერთ მედიასაშუალებასთან არ აკეთებენ. მათი განცხადებით, ხვალ სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ და ყველა დასმულ კითხვას იქ უპასუხებენ.

“ტელეარხ 25”-ის საინფორმაციოს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მაია მერკვილაძე „მეტრონომს“ მის ირგვლივ ატეხილ  ვნებათაღელავზე კონკრეტულად ესაუბრა:

მაია მერკვილაძე : ტელეარხზე იმით დაიწყო დაპირისპირება, რომ ჩვენ ეთერში გავიდა ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომლის, რომელიც რეჟისორი იყო ჩვენ არხზე, სიუჟეტი, რომლის  მამის დაკავების ფაქტს ეხებოდა. მამამისი ერთ-ერთი სერიოზული საჯარო სამსახურის თანამშრომელი იყო და ის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. მანამდეც გვქონია თანამშრომლების ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია მომზადებული, მაგრამ მისი მსგავსი აგრესია არავის გამოუხატავს, ყველა ხვდებოდა, რომ ეს სწორი იყო. ეს ადამიანი მოვიდა ტელევიზიაში და საჯაროდ მომაყენა  შეურაცხყოფა.

იმის ნაცვლად, რომ ტელეარხის დირექციას ადექვატური რეაგირება მოეხდინა და  ყველაფრისთვის სახელი დაერქმია, მაგალითად,  აგრესია, ჩარევა, ზეწოლა თუ ა.შ. დირექციამ სათავისოდ გამოიყენა ეს კონფლიქტი, ალბათ დიდი ხნის წინაც სურდა ამის გაკეთება და ორივე თანამშრომელი, მეც და რეჟისორი, რომელმაც შეურაცხყოფა მომაყენა, ორ თვიან იძულებით შვებულებაში გაგვიშვა. ამის დასაბუთება ვითხოვე, მაგრამ ვერ მივიღე. ამის მერე გადავწყვიტე საჯარო გამეხადა ეს ფაქტი, რადგან ვგრძნობდი, რომ ეს არ იყო ზეწოლა მხოლოდ თანამშრომელზე, ეს იყო პოზიცია, რომელიც დააფიქსირა დირექციამ. ის იზიარებდა იმ აზრს, რომ თანამშრომლების ოჯახის წევრებზე სიუჟეტები არ უნდა გადიოდეს ეთერში. ეს პოზიცია მართალია საჯაროდ არ დაუფიქსირებიათ, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით დააფიქსირეს.

“მეტრონომი”: ტელეარხის ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში  წერია,  რომ  საინფორმაციოს გამოშვებას უშლიდით ხელს

– ეს სიმართლე არ არის. იმ დღეს, ოჯახის წევრზე გაშვებული სიუჟეტის გამო,  ძალიან დაიძაბა საინფორმაციო გამოშვების რეჟისორსა და ჩემს შორის ურთიერთობა. ერთი საინფორმაციო გამოშვება ჩვეულებრივად გავიდა, მეორე გამოშვებაზე კი თავად  ჟურნალისტმა და პროდიუსერმა უარი განაცხადეს ეთერში გასვლაზე, რადგან დირექციას მოსთხოვეს, ვინც შეურაცხყოფა მომაყენა, იმ რეჟისორის  შეცვლა. დირექცია არც გამოჩენილა იმ პერიოდში, დირექტორი  წავიდა და დატოვა არეული სიტუაცია ტელევიზიაში. მე საინფორმაციოს ხელმძღვანელი ვიყავი და ჩემი აზრით, დირექცია იყო ვალდებული ჩემსა და ჩემს დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელს შორის არსებული კონფლიქტი გადაეჭრა. მეც ვერ მოვახერხე იმ დღეს ჩემი თანამშრომლები მეიძულებინა და მეორე საინფორმაციო გამოშვება ეთერში გამეშვა, იქ იყო წამყვანი და ტიტრების ოპერატორი, რომლებმაც ეთერში გასვლაზე უარი თქვეს.

დასაწყისში სამი თანამშრომელი და შემდეგ უკვე 35 თანამშრომელი გაუშვეს ტელევიზიიდან უმართავი პროცესების მოტივით. ეს რას ნიშნავს?

– ეს განცხადება თავიდან ბოლომდე ცილისწამება და ტყუილია. ამის დამტკიცებას ჩვენ შევეცდებით. თანამშრომლები ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას, მე წამოვედი ტელევიზიიდან რადგან დირექციამ მითხრა, რომ დაცვას გააფრთხილებდა და აღარ შემიშვებდნენ. თავი აღარ დავიმცირე და ჩემით წამოვედი. დანარჩენი ყველა თანამშრომელი დარჩა. ერთი მასალა მომზადდა ჩემი წამოსვლის მერე, ერთ-ერთი თანამშრომლის, ჟურნალისტის მხრიდან, რომელიც ფიქრობდა, რომ ტელევიზიის მფლობელებს პროკურატურასთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ, სამი წლის განმავლობაში საქმე გამოუძიებელია,  და შესაბამისად, ხელისუფლებასთან  გარიგებასთან იყო დაკავშირებული (შეგახსენებთ, რომ ტვ 25-ის კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2012 წლის 26 ოქტომბერს „ტელეარხი 25“-ის სანქცირების საკითხი  განიხილა. ტელეკომპანიის გაფრთხილების საფუძველი მფლობელების შეცვლის შესახებ ინფორმაციის დამალვა  გახდა. ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ არხის მესაკუთრეები 2012 წლის 24 თებერვალს შეცვლილა, თუმცა ხელმძღვანელობას ამის შესახებ კომისიისთვის არ უცნობებია.

„ტელეარხი 25“-ის 50 პროცენტის მფლობელი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი წალენჯიხიდან ლევან ქარდავაა. ტელეკომპანიაში წილების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია კომისიამაც მედიისგან შეიტყო, მანამდე ამ თემით არც ეს უწყება დაინტერესებულა.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის თანახმად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მესაკუთრეთა ცვლილების შემთხვევაში ათი დღის ვადაში კომისიაში წარადგინოს და საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნოს შესაბამისობის დეკლარაცია.)

მაია სურამანიძე, “ტვ 25”-ის საინფორმაციოს ყოფილი ხელმძღვანელი : ვფიქრობ ეს გახდა დანარჩენი ჟურნალისტების გათავისუფლების მიზეზი, რომლებიც იმ შინაარსით გაათვალისფლეს, თითქოს უშლიდნენ ხელს კოლეგებს მუშაობაში. შეიძლება რედაქციაში იყო სხვადასხვა სახის კითხვები, მაგრამ ნამდვილად არ იყო დაპირისპირება.

მას შემდეგ რაც რეჟისორი გაუშვეს ორთვიან შვებულებაში, ტელევიზიაში ჩვეულებრივი სამუშაო გარემო იყო. დირექციას აწყობდა ასეთი სახე მიეცა განცხადებისთვის და ოთხი არასასურველი თანამშრომელი, მე და სამი სხვა, მოეშორებინათ ტელევიზიიდან. დანარჩენი ყველა თანამშრომელი  დაბრუნდება 11 იანვრიდან.

“მეტრონომი”: რეისორი გაავისუფლდა?

– თავიდან ორთვიანი შვებულება რომ უთხრეს, გაჯიუტდა , მაგრამ მეორე დღეს თავისით წავიდა. თქვა რომ ვემორჩილები მფლობელის სურვილს და მივდივარო.

– სამუშაო კონტრაქტი თუ გქონდათ გაფორმებული, რომელიც თქვენს და ტელეარხის მფლობელების ურთიერთ ვალდებულებებსა და პასუხისმგბელობებს განსაზღვრავდა?

– არა, უკონტარქტოდ ვმუსშობდით ამდენი ხნის განმავლობაში. არც მოგვითხოვია თანამშრომლებს კონტარქტი და ეს იყო უდიდესი შეცდომა.

აპირებთ?

– სარჩელს შევიტან უსაფუძვლოდ გათავისუფლების ფაქტზე. მერე რა რომ კონტრაქტი არ გვქონდა, ჩვენ გვქონდა ზეპირი შეთანხმება, ვგებულობდით ხელფასს, ვასრულებდთ ისეთ საქმიანობას, რომელიც ჩანდა და ვერ დაიმალება ვერანაირ ვალდებულების ნაწილში შეიძლება არ ვიყავით ჩამოყალიბებული, მაგრამ ამის გარეშეც დავამტკიცებთ, რომ უსაფუძვლოდ გაგვათავისუფლეს მე და სამი თანამშრომელი.

 

“მეტრონომი” დაუკავშირდა “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელ ასოციაციას” (iagj.org.ge), რომელიც ამ ეტაპზე, ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს მედია-პროფკავშირების რეგიონალურ პროექტს საქართველოში. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, ისინი ამ ეტაპზე შეისწავლიან არსებულ სიტუაციას და გააკეთებენ დასკვნას, რომელიც გაიგზავნება ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციაში, ბელგიაში.

ასოციაციის ხელმძღვანელობა მოუწოდებს ტელეკომპანიის ხელმძღვანელებს სასწრაფოდ დაიწყონ მოლაპარაკებები ჟურნალისტებთან და ამავე დროს, უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ საკონტრაქტო პირობები, რომელშიც ასახული იქნება ორივე მხარის თანაბარი ინტერესები.

 

მანა ნოდია

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....