თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის გადაყენება მოითხოვა. ახვლედიანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მოსამართლეების დანიშვნის წესი მისთვის გაუგებარია.
“ვერ ვხედავ ვერანაირ განვითარებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის პირობებში. საბჭოც და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც უნდა წავიდეს. არასწორად შერჩეულმა საბჭომ და მოსამართლეების არასწორად დანიშვნებმა არაერთი პრობლემა გააჩინა, რომელიც თუ უახლოეს პერიოდში არ გამოსწორდება, 20-25 წლის განმავლობაში ქვეყანას ექნება დამღა”, – ამბობს ახვლედიანი.
გვენეტაძე ახვლედიანის განცხადებას მოგვიანებით ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს ეთიკური ნორმების დაცვისკენ მოუწოდა.
სასამართლოში მიმდინარე საკითხებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც ეხმაურება. წულუკიანს სურს „ქალბატონი ნინო“ სისტემაში უფრო გაძლიერდეს და რეფორმების გატარება „ძლიერი ხელით“ მოახდინოს.
“ის, რაც ჩვენ ბოლო დღეებში ვიხილეთ სასამართლოში, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ იქ არსებობს გარკვეული დაჯგუფებები, რომ ეს მთლიანობაში არის სისტემა, როგორც ამას სამი წელია ვამბობ, რომელიც რეფორმებისადმი რეზისტენტულია. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ქალბატონი ნინო უფრო მეტად გაძლიერდეს, უფრო მეტად ძლიერი ხელით მართოს ეს სისტემა, რომ ჩვენ არ ვიხილოთ ხოლმე ისეთი მოვლენები, როგორიც ვიხილეთ ჯერ იუსტიციის საბჭოში და შემდეგ საქალაქო სასამართლოში. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს მისი კუთვნილი ადგილი სისტემაში და ეს უნდა უზრუნველყოს ხელმძღვანელმა,” – აცხადებს წულუკიანი.
„მეტრონომი“ ადვოკატ ოთო კახიძეს ესაუბრა. კახიძე უარყოფითად აფასებს გვენეტაძის მუშაობას და ირწმუნება, რომ სასამართლო სისტემაში ღრმა კრიზისია.
„სასამართლო სისტემა, რომელსაც ისედაც ჰქონდა ძალიან სერიოზული პრობლემები დამოუკიდებლობის მხრივ, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სასამართლო პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღს წარმოადგენს. ამ პროცესში გარეულია სასამართლოს მთელი მენეჯმენტი. ახლანდელი განცხადება საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში სასამართლო უმძიმეს კრიზისშია და საჭიროებს ფუნდამენტურ ცვლილებებს. ამის პოლიტიკური ამ ხელისუფლებას ბუნებრივია ამ ხელისუფლებას ბუნებრივა არ ექნება. რაც შეეხება ნინო გვენეტაძეს ის შევარდნაძის კორუმპირებული სასამართლო სისტემის მთავარი დამცველი იყო. ეს იყო მოსამართლე, რომელიც ითხოვდა მამხილებელი ჟურნალისტების დასჯას, რომლებიც გამოავლენდნენ სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციას. შესაბამისად გვენეტაძის დანიშვნა უკვე იყო ძალიან სახიფათო სიგნალი სასამართლოსთვის, რადგან წინა ხელისუფლების დროს ერთი პრობლემა, რომელიც სასამართლოს არ ჰქონია იყო ის, რომ სასამართლში კორუფცია არ არსებობდა და გვენეტეძის დანიშვნა ამ სისტემაში უკვე ნიშნავდა იმას, რომ სასამართლო სისტემაში კორუფცია იქნება ეს უბრალოდ დროის საკითხია. ამის ნიშნებს დღეს უკვე აშკარად ვხედავთ“. – აცხადებს კახიძე.
სასამართლო სისტემაში გვენეტაძის მისვლას ხელისუფლების წარმოადგენლები განსაკუთრებით კი “რესპუბლიკური პარტიის“ წევრები ღიად ლობირებდნენ. პარლამენტში მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა გვენეტაძის კანდიდატურას. „წინა ხელისუფლება“ მაშინვე აცხადებდა, რომ გვენეტაძე „ქართული ოცნების“ ინტერესების გამტარებელი იქნებოდა სასამართლოში.
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი რამდენიმე წუთში ბრიფინგს გამართავს, სადაც იგი დეტალურად აპირებს ისაუბროს ამ და სხვა თემებზე, რასაც “მეტრონომი” აუცილებლად შემოგთავაზებთ.
მარიამ ვარადაშვილი