ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ხადურის ინიციატივა: 2011 წლამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა

ეს ინიციატივა ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის 12-პუნქტიანი ეკონომიური ლიბერალიზაციის გეგმის ნაწილია. ასევე, 2013 წლამდე დარიცხული საგადასახადო სანქციები ძირითადი გადასახადის თანხის გადახდის პირობით, იმ შემთხვევაში, თუ პირს აქტივობები არ უფიქსირდება, შესაძლოა ჩამოიწეროს.

„ჩვენ გთავაზობთ რომ, სრულად განხორციელდეს 2011 წლამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა, ხოლო 2013 წლამდე დარიცხული საგადასახადო სანქციები ჩამოიწერება ძირითადი გადასახადის თანხის გადახდის პირობით, იმ შემთხვევაში, თუ პირს აქტივობები არ უფიქსირდება“- ნათქვამია ხადურის 12-პუნქტიან პროგრამაში.

ფინანსთა მინისტრის ეკონომიკური ლიბერალიზაციის პროგრამა ასევე, დღგ-ის გადასახადის აღების უფრო გამჭირვალე სისტემაზე გადასვლასა და მოგების გადასახადის რეფორმირემას ითვალისწინებს. ასევე, შემცირდება საგადასახადო ხანდაზმულობის ვადა და ის მოქმედი 6 წლიდან 4 წლით შეიცვლება, პროექტი იმ კომპანიათა ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რომლებიც დავალიანებათა გამო პრაქტიკულად გაჩერებული არიან.

ხადურის  12-პუნქტიანი პროგრამა ასეთია:

ჩვენი მიზანია, რომ როგორც საგადასახადო კოდექსი, ისე გადასახადების ადმინისტრირება იყოს მაქსიმალურად სამართლიანი. მინიმუმამდე უნდა დავიდეს ურჩი გადამხდელების რიცხვი და მათთან შედარებით პატიოსანი გადამხდელი უკეთეს მდგომარეობაში უნდა იყოს;

ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ იდენტიფიცირებულ პრობლემებზე ბიზნესის წარმომადგენლებთან და ბიზნეს-ასოციაციებთან ერთად ვიმუშაოთ. მე მინდა გთხოვოთ, რომ თქვენც პარლამენტის წევრებმა, დაინტერესებულმა პირებმა მიიღოთ მასში აქტიური მონაწილეობა. ჩვენ გვინდა, შემოგთავაზოთ სრულიად რევოლუციური ნაბიჯების გადადგმა იძულებით აღსრულების მიმართულებით; ამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია ისე, რომ არც ბიზნესს შეეშალოს ხელი და ამავე დროს საგადასახადო სამსახურმაც შეასრულოს თავისი ფუნქცია;

პირველი იანვრიდან, უკვე მეორედ უკანასკნელი წლების განმავლობაში, შევამცირებთ საგადასახადო ხანდაზმულობის ვადას და ის გახდება 4 წელი, ხოლო ერთი წლის შემდეგ – 3, ნაცვლად 6 წლისა.

უფრო მეტად რეგლამენტირებული გახდება საგადასახადო შემოწმების პროცესი, რათა ის არ გრძელდებოდეს ხანგრძლივად და ბიზნესს არ ექმნებოდეს დამატებითი პრობლემები;

ჩვენ გთავაზობთ რომ, სრულად განხორციელდეს 2011 წლამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა, ხოლო 2013 წლამდე დარიცხული საგადასახადო სანქციები ჩამოიწერება ძირითადი გადასახადის თანხის გადახდის პირობით, იმ შემთხვევაში, თუ პირს აქტივობები არ უფიქსირდება;

დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელი ძირითადი საშუალებების იმპორტი განთავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდის ვალდებულებისგან;

ბიზნესისთვის აქტუალურ თემაზე  გამოიცემა საჯარო გადაწყვეტილება. მე მინდა გთხოვოთ, რომ ამ მიზნით შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, პარლამენტის წევრების, შესაბამისი კომიტეტებისა და ბიზნეს ასოციაციების მონაწილეობით. ფინანსთა სამინისტრო ამაზე აქტიურად იმუშავებს;

გადაიხედება შემოწმების აქტის შედგენის წესი და ფორმა. შემოწმების  აქტი აუცილებლად უნდა მოიცავდეს იურიდიულ დასაბუთებას და უნდა იყოს მაქსიმალურად დეტალური, რათა გადამხდელმა იცოდეს, რის გამო არის გადასახადი დარიცხული და ამავე დროს დავების საბჭოს ჰქონდეს შესაძლებლობა, ზუსტად აღიდგინოს პროცესი;

ჩვენ ვგეგმავთ საბუღალტრო რეფორმას, რომლის მიზანია, გამჭვირვალობის ამაღლება, კაპიტალური ბაზრების განვითარება, ფინანსური სექტორის ეფექტურობის ზრდა, საინვესტიციო გარემოს, კორპორატიული მართვის პრაქტიკის გაუმჯობესება. ისეთ საწარმოებში, რომლებიც გადავლენ აღნიშნულ მეთოდზე, ფინანსთა სამინისტრო თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეამცირებს შემოწმების ტვირთს;

საგადასახადო სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება იქნება ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემა. კაპიტალის მატებიდან მიღებული შემოსავალის გათავისუფლება გადასახადისგან და ამავე დროს, ჩვენ ვგეგმავთ მოგების გადასახადის რეფორმას;

დეპოზიტების დაზღვევის სისტემასთან დაკავშირებით გაიმართება დიალოგი საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან და 2016 წლის პირველ ნახევარში ფინანსთა სამინისტრო და მთავრობა პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს განსახილველად;

სამინისტროს მეტი კონტროლი ექნება არაპირდაპირ ვალდებულებებზე და მოხდება მათი გასაჯაროება. დიდი ხანია ვსაუბრობთ დღგ-ს ზედმეტობების დაბრუნების გამარტივებაზე. რამდენიმე დღეში, პირველ იანვარს, ფინანსთა სამინისტრო დანერგავს ერთიან სახაზინო კოდს. ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს და ხშირ შემთხვევაში ავტომატურამდე დაიყვანს ზედმეტად გადახდილი დღგ-ის დაბრუნებას, ფინანსთა სამინისტრო შეძლებს ყველა მიმდინარედ წარმოქმნილი ზედმეტობის მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში დაბრუნებას.

იტვირთბა....