სამსახურის მაძიებელთათვის რეზიუმე, CV და სამოტივაციო წერილი, უცხო ტერმინები არ არის. თითოეული მათგანი, დამსაქმებელთან აპლიკანტის პირველადი კომუნიკაციაა და შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ შინაარსობრივ დეტალს.
სამოტივაციო წერილი არის ერთ გვერდიანი დოკუმენტი, რომელსაც თქვენ განაცხადთან, CV– ს ან რეზიუმესთან ერთად წარადგენთ.
სამოტივაციო წერილის მიზანია დამსაქმებელს გააცნოთ და მოკლედ შეაჯამოთ თქვენი პროფესიული გამოცდილება. საშუალოდ, თქვენი სამოტივაციო წერილი უნდა იყოს 250 -დან 400 სიტყვამდე.
კარგი სამოტივაციო წერილი საგზურია პირველი პირადი გასაუბრებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ HR მენეჯერს, ან პიროვნებას, რომელიც კადრების შერჩევაში მონაწილეობს, შესაძლოა დღის განმავლობაში ასობით განაცხადთან ჰქონდეს შეხება. ამიტომ, აუცილებელია სამოტივაციო წერილი იყოს მოკლე და კონკრეტული და რაც მთავარია – ეფექტური.
იმისათვის, რომ ჩვენი წარმატების შანსები მაქსიმალურად გავზარდოთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:
- ჩაატარეთ კვლევა – კარგად შეისწავლეთ კომპანია და მათი საქმიანობა
- დააზუსტეთ კომპანიის მიზნები და კულტურა
- გაეცანი კომპანიის სოციალურ მედიასა და სხვა საკომუნიკაციო არხებს
ერთი შეხედვით, ეს ინფორმაცია უმნიშვნელოა, და შეიძლება ფიქრობდეთ, რომ არაფერში გამოგადგებათ. თუმცა, როცა კომპანიას უკეთ გაიცნობ, ბევრად უფრო მარტივი გახდება მაღალი ხარისხისა და პოტენციალის სამოტივაციო წერილის შედგენა.
გაითვალისწინეთ, რომ სამოტივაციო წერილი არის თქვენი CV/რეზიუმეს დამატება, და არა მისი შემცვლელი. ამიტომ, ნუ გაიმეორებთ იმას, რაც თქვენს რეზიუმეში უკვე არის ნახსენები.
ასევე, რა რესურსიც არ უნდა დაახარჯოთ რეზიუმეს შედგენას და რა დროს არ უნდა დაახარჯოთ Pro cv შაბლონის მოძიებას, თუ სამოტივაციო წერილი მასთან შესაბამისობაში არ მოდის, თქვენი შრომა წყალში ჩაყრილად ჩაგეთვლებათ.
რეალურად, თქვენ არ გჭირდებათ იყოთ შემოქმედებითი ან წერის განსაკუთრებული ნიჭი გაგაჩნდეთ. მთავარია გაითვალისწინოთ და დაიცვათ ის წესები და რეკომენდაციები, რომლებიც ეფექტური სამოტივაციო წერილის დასაწერად დაგეხმარებათ.
პირველ რიგში, საჭიროა გავიაზროთ სამოტივაციო წერილის ფორმატი, რომელიც მოიცავს შემდეგ პუნქტებს:
- სათაური – სადაც უნდა წარმოადგინოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია
- გამხსნელი აბზაცი – სადაც უნდა მიიპყრათ მკითხველის ყურადღება თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევებით.
- მეორე აბზაცი – ახსენით, თუ რატომ ხართ აღნიშნული პოზიციისთვის სრულყოფილი კანდიდატი
- მესამე აბზაცი – ხაზი გაუსვით რა სარგებლობის მოტანა შეგიძლიათ კომპანიისთვის
• დაასრულეთ სამოტივაციო წერილი მოქმედებისკენ მოწოდებით. თქვენი სამოტივაციო წერილის ბოლო წინადადება უნდა იყოს call to action.
თქვენ მკითხველს აქტიური ნაბიჯების გადადგმისკენ უნდა უბიძგოთ. - ბოლოს, ტექსტის ფორმალური დახურვა
კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომლის გათვალისწინებასაც აუცილებლად გირჩევდით არის ის, რომ იუმორს მაქსიმალურად მოერიდოთ. შეიძლება ჩვენი უკბილო ხუმრობით სამსახურში აყვანის შანსები მინიმალურამდე დავიყვანოთ. იუმორზე ბევრად ეფექტურია პირდაპირი და დინამიკური ტექსტები. გარდა ამისა, თუ კომპანიასთან პირდაპირი კავშირი გაქვთ (მაგალითად, ლოიალური მომხმარებელი ბრძანდებით), აუცილებლად ახსენეთ პირველ ორ წინადადებაში.
თქვენი თავი კომპანიის ადგილზე წარმოიდგინეთ და დაფიქრდით, როგორ კადრს აიყვანდით ან როგორი ტიპის სამოტივაციო წერილი იქნებოდა ყველაზე დამაინტრიგებელი?
ნუ გამოიყენებთ შაბლონურ წინადადებებს და ბანალურ გამონათქვამებს. სჯობს, იყოთ ბუნებრივი და ისაუბროთ მარტივი ენით, თუმცა, ნუ გასცდებით სამოტივაციო წერილის ფორმალურ ფორმატს.
როგორც ხედავთ, სამოტივაციო წერილის შედგენა საკმაოდ შრომატევადი საქმეა, რადგან უამრავი დეტალის გათვალისწინებას გულისხმობს. თუმცა, ამ საქმისთვის დროის დათმობა ნამდვილად გონივრული ინვესტიციაა. იმისთვის, რომ უხეში შეცდომების დაშვებას თავი აარიდოთ და მაქსიმალურად ეფექტური დოკუმენტი შექმნათ, მოიძიეთ თქვენი პროფესიისა და გამოცდილების შესაბამისი სამოტივაციო წერილის მაგალითი, რომელსაც ნიმუშად გამოიყენებთ. ეს საქმეს ერთი ათად გაგიმარტივებთ.