არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორის“ დამფუძნებლის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ჯაბა სამუშიამ ერთ დღეში 3 ბინა შეიძინა. როგორც ხაბეიშვილმა „მეტრონომს“ განუცხადა, სამუშიამ ბინები 2015 წელს იყიდა. მისივე, თქმით სამუშიას ცოლი ბაღების სააგენტოში მუშაობს, რომელიც თბილისის მერიისგან ფინანსდება.
საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ჯაბა სამუშია „მეტრონომთან“ უარყოფს 3 ბინის შეძენის ფაქტს.
„ერთი ბინა, რომელზედაც საუბრობს. მშენებარეა. მე ამ ბინის საფასურის დასაფარად ბანკიდან კრედიტი მაქვს აღებული და 10 წელი კიდევ უნდა ვუხადო ბანკს. დანარჩენი ორი ბინა ეძებოს და იპოვოს. ნაძირლობაა, როცა ადამიანმა იცის სიმართლე და შეგნებულად იტყუება. მე ეს ბინა ვალით მაქვს ნაყიდი. რაც შეეხება დანარჩენ ორ ბინას, რომელზედაც ხაბეიშვილი საუბრობს, ვჩუქნი მას ვისაც სურვილი აქვს, ოღონდ იპოვოს“. – აცხადებს სამუშია.
სამუშია არ უარყობს, რომ მისი მეუღლე ბაღების სააგენტოშია დასაქმებული, თუმცა გვარწმუნებს, რომ მეუღლე პროფესიონალია და მალე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორის აკადემიურ ხარისხს მიიღებს.