ნოდარ ჯავახიშვილი მის წინამორბედ მინისტრს თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ჯავხიშვილი სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთთან დაკავშირებით, უკრაინულ კომპანიასთან მისი წინამორბედის, დავით შავლიაშვილის მინისტრობისას გაფორმებული მსხვილი ხელშეკრულების დეტალებს ახმოვანებს და ამბობს, რომ 47 მილიონი ავანსი გაიცა, თუმცა არაფერი შესრულებულა.
„თავის დროზე გაფორმდა ხელშეკრულება სამტრედია-გრიგოლეთის ერთ-ერთ ლოტზე უკრაინულ კომპანიასთან, გაცემული იყო 47 მილიონი ავანსი და ფაქტობრივად არ იყო შესრულება. ჩვენ გვქონდა 2 არჩევანი, ან უნდა გაგვეწყვიტა პროექტი და უზარმაზარი სერიოზილი კითხვის ნიშნის ქვეშ დაგვეყენებინა 47 მილიონის დაკარგვის საკითხი, ან როგორმე ეს პროექტი გაგვეცოცხლებინა. მე ჯერ მიჭირს ბოლომდე ვთქვა, რომ დავამთავრეთ ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ გეტყვით, რომ ფაქტიურად ეს პროექტი გაცოცხლდა. გარკვეული და მნიშნელოვანი ცვლილებები შევიტანეთ პროექტში, რომელმაც არ გააუარესა გზის ხარისხი და მარტო სექტემბერ-დეკემბერში 11 მილიონამდე შესრულებაა. დაახლოებით 20 მილიონის ტექნიკაა შემოტანილი, ანუ დღეს რომ დაგვჭირდეს და გავწყვიტოთ, ჩვენ პრაქტიკულად იმ 47 მილიონს აღარ ვზარალობთ. თუმცა მაქვს იმედი, რომ ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ 2017 წლისთვის. ჩემი პიროვნული ღირსების საკითხია, თუ ამას მივიყვანთ ბოლომდე ჩავთვლი, რომ ტყუილად არ მოვსულვარ ამ თანამდებობაზე“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.
ამ საკითხზე კომენტარი „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბეჟან გუნავამ გააკეთა, როგორც მან სააგენტო „მეტრონომთან“ საუბრისას აღნიშნა, შავლიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის უახლოესი მეგობარია და ის წინა ხელისუფლებაშიც მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.
„ახლაც შეირჩენს ალბათ მოპარულ მილიონებს… ჯავახიშვილის ეს განცხადება არ არის საკმარისი, რომ პროკურატურა ამ და სხვა მსგავსი ფაქტებით დაინტერესდეს?“ – კითხულობს გუნავა.
თუკი გუნავას პოზიციას გავითვალისწინებთ, “შავლიაშვილი ღარიბაშვილის უახლოესი მეგობარია”, უბრალო დამთხვევა არ უნდა იყოს ის, რომ ამ განცხადებას ჯავახიშვილი ახალი პრემიერის მოსვლის პერიოდში აკეთებს. როგორც ჩანს, ჯავახიშვილს ეიმედება, რომ სამართლებრივ ჭრილში ამ საკითხის გადატანა და გამოძიება კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდში უფრო მომგებიანი აღმოჩნდება, ვიდრე შავლიაშვილის მეგობრის, ღარიბაშვილის ხელმძღვანელობის დროს.