ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კრემლი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ალანიად გარდაქმნის წინააღმდეგია

თიბილოვი კი დარწმუნებულია, რომ მომავალში ორივე ალანიას რუსეთის შემადგენლობაში იხილავს

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის, ლეონიდ თიბილოვის განკარგულებით, დაიწყება საკითხის განხილვა, რომ ჩრდილოეთ ოსეთის მსგავსად, ე.წ. სამხრეთ ოსეთსაც ალანია ეწოდოს. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.

„მე დავავალებ შესაბამის სამსახურებს და შევთავაზებ პარლამენტარებს, ამ საკითხის განხილვა დაიწყონ. არსებობს ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია და გთავაზობთ, ჩვენს რესპუბლიკასაც ეწოდოს სამხრეთ ოსეთი- ალანია“ – აცხადებს თიბილოვი.

თიბილოვი დარწმუნებულია, რომ მომავალში ორივე „ალანია“ რუსეთის ფედერაციაში გაერთიანდება. ამ განცხადებას კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე “მეტრონომთან” საუბრისას, არასერიოზულს უწოდებს.

“განცხადებას ვაფასებ როგორც სისულელეს და პროვოკაციას, რადგან  მოსკოვში ამისთვის მზად არავინ არ არის, მეტიც, უარს ეუბნებიან ამ პროექტზე“. – აცხადებს არეშიძე. ექსპერტის თქმით, თიბილოვის ეს განცხადება „შიდამოხმარებისთვის“ არის გამიზნული და ხალხს აგულიანებს.

პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძესაც მიაჩნია, რომ თიბილოვის განცხადება არასერიოზულია.

„ჩემი რჩევაა დიბილოვის განცხადებებს სერიოზულად ნუ შევხედავთ. როგორც ჩანს ცხინვალის რეჟიმს ფული შემოაკლდა, ახლა  კი ფიქრობენ როგორ მიიქციონ ყურადღება“.- აცხადებს პოლიტოლოგი.

შეგახსენებთ, ე.წ სამხრეთ ოსეთის წარმოადგენლები ბოლო დროს უკიდურესი განცხადებებით გამოირჩევიან. მარიონეტული რეჟიმის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ პანკისის ხეობაში ISIS-ის წარმოამდგენლები იმყოფებია და ისინი საზღვარზე გამაგრებული რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავენ. მაშინ  ქართულმა პოლიტიკურმა თუ საექსპერტო ნაწილმა ეს განცხადება თიბილოვის ინიციატივის მსგავსად, არასერიოზულად მიიჩნიეს.

 

 

იტვირთბა....