მოკლული ქმრის ბიძა, შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს მოკვლით ემუქრება
გთავზობთ ამონარიდს გაზეთ „კვირის პალიტრის“ მიერ გამოქვეყნებული მასალიდან, სადაც ფერაძის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის მთავარ ეჭვმიტანილს, ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის, მოკლული ქმრის, ომარ ქაფიაშვილის დედის ძმა ემუქრება:
ნოდარ მინდიკაური, ომარ ქაფიაშვილის დედის ძმა:
“სულერთია, ამ გოგოს არ ვაცოცხლებ. ჯერ მარტო უსუსური ბავშვის მკვლელობას არ ვაპატიებ. სამუდამო პატიმრობას თუ არ მიუსჯიან, რომ გამოვა, ჩემი ხელით მოვკლავ. ქმარ-შვილი დახოცა, დანაშაულის კვალი წაშალა, მერე გამოდის და ყვირის, მიშველეთო. ღამის სამის ნახევარზე მოხდა ეს ტრაგედია. ამ ქალს მკვლელობამდე სამი დღით ადრე 25 ლარად დიდუბეში ურო უყიდია.
რა მოხდა იმ ღამით, ეგ მარტო მკვლელმა იცის. შედეგი სახეზეა – ჩემს დისშვილს უროთი თავის ქალა აქვს ჩანგრეული, ორივე საფეთქელში დაურტყამს, ცალი ყური საერთოდ აღარ აქვს. ეტყობა, ამის შემხედვარე საწყალი ბავშვი აყვირდა. ქალს შეეშინდა, ხმა არ გავიდესო და როგორც ჩანს, პირზე აფარებდა ხელს, პატარას ტუჩის ზემოთ და ყელზე აქვს ნაჭდევები.
თოკო ასთმიანი იყო და შეტევა მოსვლია, ბავშვს კისრის მალებიც აქვს ჩამტვრეული, ეტყობა, ჯაჯგურის დროს. მერე ამდგარა ეს ცივსისხლიანი მკვლელი და დაუსუფთავებია იქაურობა. თუმცა, კედელზე სისხლის ლაქები ახლაც ატყვია. მერე ამ გოგოს სისხლიანი ჩვრები მძინარე დედამთილის ოთახში შეუტანია და სარეცხ მანქანაში შეუყრია. ჩემს დას უკითხავს, ომარმა ბავშვი სად წაიყვანაო, რძალს უპასუხია, “კარფურში” წავიდნენ და ჯერ არ დაბრუნებულანო. ამას იმ დროს ეუბნება, როცა ქმარ-შვილი უკვე დახოცილი ჰყოლია. სასამართლოზე უთქვამს, ბავშვი ექიმთან მიმყავდა, ამიტომ ჩავსვი მანქანაშიო.
ექიმთან კი არ მიჰყავდა, გვამების მოცილებას ლამობდა. ბავშვის მოკვლას არ ვაპატიებ მაგ ძუკნას. სახლიდან ძვირფასი ნივთები დაიკარგა, ეტყობა, წინასწარ გადამალა ოქროული. მერე გვამებს გააქრობდა და, ალბათ, მოუსავლეთში გაიქცეოდა. მეორე დღეს მოვიდა გოგოს დედა რაღაცების წასაღებად, არც ვიცით, რა წაიღეს. თითქოს მაგდას ტანსაცმელი მიჰქონდათ, მაგრამ სახლიდან ბევრი რამაა დაკარგული. ყველამ იცოდეს, ურჩევნია, იქ დარჩეს, ვერაფერი შემაჩერებს”. – აცხადებს მოკლულის დედის ძმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ .
შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ფერაძის ქუჩაზე წლის ყველაზე საზარელი ტრაგედია მოხდა. მოკლულია მამა და 5 წლის შვილი. ეჭვმიტანილია და დაკავებულია დედა, მაგდა პაპიძე, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს. სასამართლო 10 თებერვალს გაიმართება.
წყარო: “კვირის პალიტრა”